“ნეტგაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომპანია „დელტა კომმის“ წარმომადგენლის ინტერვიუ მოიცავს არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და უზუსტობას. გაუგებარია ამ კომპანიის მმართველთა მოტივაცია, ისაუბრონ მედიასაშუალებებთან სახელმწიფო საიდუმლოდ მიჩნეულ საქმეზე მაშინ, როცა მათ, წესით, არ უნდა ჰქონდეთ არანაირი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. აღსანიშნავია, რომ ბატონი ქიქოძის მიერ ნახსენები მოვლენათა ქრონოლოგია უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე განმარტავს მათი კომპანიის როლს ე.წ. კაბელების საქმეში.
დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, საჯარო პირსა თუ პოლიტიკოსს, და განსაკუთრებით ჩვენსავე სფეროში მომუშავე კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ კომპანია „სილქნეტის“ ხსენებისას. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ აღძრული საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე და მასში შემავალ ყველა დოკუმენტს დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს”, – ნათქვამია “სილქნეტის” საპასუხო განცხადებაში.
“დელტა კომმის” ხელმძღვანელმა პაატა ქიქოძემ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია “სილქნეტმა” მათი კუთვნილი მაგისტრალი დააზიანა, რის შემდეგაც მათ გამოარკვიეს, რომ “სილქნეტი” სამუშაოებს აწარმოებდა თავდაცვის სამინისტროში მოგებული ტენდერის ფარგლებში და ამის შემდეგ მიმართეს პროკურატურას განცხადებით:
“ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა “სილქნეტმა”, თავისი რომ გაეკეთებინა, გაანადგურა ჩემი, და ჩვენ ვერანაირი მექანიზმით ვერ მოვახერხეთ “სილქნეტის” გაჩერება, სანამ კაბელის საბოლოო გაწყვეტა არ მოხდა. ვერც პოლიციით, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობით, რახან უკანონო მშენებლობას აწარმოებდნენ, ვერც ზედამხედველობის სამსახურით, ვერაფრით, როდესაც გაწყვიტეს და გაანადგურეს კაბელი და ეს დაფიქსირდა, მარტო მაშინ შეჩერდა სამუშაოები, დაფიქსირდა დარღვევა, დაზიანება შეფასდა და სარჩელი შევიტანე სასამართლოში, ამავე დროს მივმართეთ პროკურატურას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქიქოძემ. მისივე თქმით, “სილქნეტის” წინააღმდეგ მათი სარჩელის განხილვა სასამართლოში 19 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტს შორის 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გამო ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, რომლებსაც 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.





