ახალი ამბები

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ადვოკატები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ

13 ნოემბერი, 2014 •
თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ადვოკატები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თუ სასამართლო პროცესამდე (11 დეკემბრამდე) ადვოკატები ასლებს არ მიიღებენ, პროცესზე მოითხოვენ, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს.        

 

“დარღვეულია დაცვის მხარის ფუნდამენტური უფლება განახორციელოს დაცვა. ს.ს. საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდების წარდგენისთანამვე  დაცვის არსებული ყველა მტკიცებულების ასლი მიაწოდოს. ჩვენს შემთხვევაში საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. ამ დროს კანოკნმდელობით შესაძლებელია მოხდეს დაცვის მხარის გაფრთხილება,  რომ არ გაახმაურონ საიდუმლო ინფორმაცია. სხვა შეზღუდვა ან აკრძალვა კანონმდებლობაში არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, მითითებულია გრიფის მოხსნის წესი და ასევე, ვინ შეიძლება დაშვებულ იქნეს ასეთ დოკუმენტზე.  ამ კანონის ნორმები  ფიზიკურ პირზე ან ადვოკატზე არ ვრცელდება.  საუბარია იურიდიულ პირებზე, ანუ ეს კანონი ადვოკატს საერთოდ არ ეხება,“ – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

 

მისივე თქმით, ადვოკატებმა პროკურატურისგან წერილი მიიღეს, სადაც პროკურატურა უარს ამბობს საქმის მასალების გადაცემაზე, მაგრამ ადვოკატებს ეუბნება, რომ შეუძლიათ უბრალოდ გაეცნონ მასალებს:

 

“პროკურორი გვწერს, რომ შეგვიძლია მივიდეთ პროკურატურაში ან სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში და გავეცნოთ მასალებს, მაგრამ არ გვაძლევენ ასლებს. თუ პროკურატურა გვეუბნება, რომ მასალების გაცნობა შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ  სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი ამ საქმესთან კავშირში არ არის. მათ სურთ, რომ განვახორციელოთ არა რეალური, არამედ ფორმალური დაცვა, დაცვის იმიტაცია, თითქოს საქმის მასალებს ვეცნობით.  ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადვოკატი, მას ტომების დაზეპირება შეუძლია. მრავალი ტომი უნდა დავიზეპიროთ და თურმე ამ ზეპირი ინფორმაციით უნდა განვახორციელოთ დაცვა, რაც შეუძლებელია”.

 

საქმეში ბრალდებული ორი პირის ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ პროკურატურამ ფაქტობრივად გაასაჯაროვა სახელმწიფო საიდუმლოება, როცა თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის შესახებ ბრიფინგი ჩაატარა. ადვოკატმა ასევე ხაზი გაუსვა ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის  “პირველი არხისთვის” მიცემული ინტერვიუს შინაარსს, სადაც ივანიშვილი ამ საქმის დეტალებზე საუბრობს:

 

“პროკურატურამ რაც გაასაჯაროვა, ისიც არ უნდა გაესაჯაროებინა, რადგან ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება ისე, რომ საიდუმლო გრიფი საქმეს მოხსნილი არ აქვს. ბატონო ბიძინა ივანიშვილმა რაც ისაუბრა გუშინ ეთერში, საზოგადოება წაიკითხავს პროკურატურის განცხადებას და შემდეგ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე მგონი, პროკურატურაზე მეტი ისაუბრა ბატონმა ბიძინამ ამ შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ ყველა საუბრობს ამ საქმეზე. გამოდის, ყველამ ყველაფერი იცის ადვოკატების გარდა. ადვოკატებს საქმის მასალებს არ გვაცნობენ”,-ამბობს ლევან სამუშია.

 

28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე. ამ საქმის გამო წარმოქმნილი დაპირისპირების შედეგად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი