ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა

13 ნოემბერი, 2014 • • 1136
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა პროკურატურის მიერ ბრალდებულები იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას: მედეა ბეთაშვილი – 10 000 ლარი, ოთარ ჯეჯეია – 10 000 ლარი, მიხეილ ბესტაევი – 10 000 ლარი, ლაშა გელოვანი – 10 000 ლარი, აკაკი გიორგაძე – 10 000 ლარი, თორნიკე ხუბუა – 2000 ლარი.

 

როგორც პროკურორი ლეონტი ადეიშვილი აცხადებს, ბრალდების მხარე აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას:

“აღკვეთის ღონისძიებით ვიყავით შემოსული (დავკმაყოფილებულიყავით გირაოთი), თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადო ქცევისთვის გირაო არ იყო საჭირო. ჩვენ მაინც აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.”

პროკურორის თქმით, ძირითადი მოწმეები ამ საქმეზე დაიკითხნენ, თუმცა საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და სპეციფიკური, რის გამოც ვერ მოხერხდა ყველა მოწმის დაკითხვა:

“ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად გამოიკვეთება თუ არა სხვა პიროვნებების მიმართ ბრალეულობის საკითხი. ჩვენ ამ ეტაპზე რა მტკიცებულებებიც გვქონდა, რაც იყო საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისთვის, ყველა პირს წავუყენეთ ბრალდება. გამოძიება გრძელდება. თუ შეიკრიბება საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არის გამორიცხული, სხვა პირებსაც წარედგინოს ბრალდება, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე გადაჭრით ვერ გეტყვით,” – განაცხადა ლეონტი ადეიშვილმა.

 

ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ თოფურიძე აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მოსამართლემ მიიღო სრულად კანონიერი გადაწყვეტილება:

“სასამართლომ აწონ-დაწონა ბრალდებისა და დაცვის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მიიჩნია, რომ დაცვის არგუმენტები უფრო წონადი იყო, ვიდრე ბრალდებისა. ამიტომ მიიღო სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება და მე ამას ველოდი კიდეც.”

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 24 დეკემბერს, 13:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი