ახალი ამბები

პრემიები და შევრდნაძის მთავრობის მინისტრები თსუ-ში – რექტორის განმარტებები

13 ნოემბერი, 2014 • 1213
პრემიები და შევრდნაძის მთავრობის მინისტრები თსუ-ში – რექტორის განმარტებები

ლადო პაპავა ფიქრობს, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უნივერსიტეტის მიერ  გაზგასამართი სადგურის აშენებისა და მაღლივ კორპუსთან სასაფლაოს მოწყობის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. მისივე თქმით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის არასწორი ინტერპრეტაციაც სწორედ ამ მიზნით მოხდა:

 

“მაშინ, როდესაც მე, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ გავაკეთეთ რამდენიმე განცხადება, რაც ეხებოდა საბიუჯეტო დაფინანსებას, ეხებოდა სასაფლაოების თემას, ეხებოდა გაზგასამართი სადგურის თემას, ჩემი გამოცდილებით, ვიცოდი, რომ განხორციელდებოდა შემოტევა პირიქით და რაღაც უაზრო ბრალდებები. IDFI-მ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო მასალა, მაგრამ მისი არასწორად წარმოდგენის სახით საზოგადოებას მიეცა არასწორი ინფორმაცია,”– განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

 

IDFI-ს კვლევაში ნათქვამია, რომ თსუ-ში 2013 წელს პრემიებისა და დანამატების სახით 6 მილიონზე მეტი ლარი გაიცა, რაც სხვა უნივერსიტეტებში გაცემულ პრემიების მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

 

უნივერსიტეტის რექტორს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რომელი ძალის ინტერესებში შედის არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

 

ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის სექტემბერში აირჩია. იგი ამბობს, რომ მისი არჩევის შემდეგ გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობა შემცირდა და 2014 წლიდან ის უკვე მთლიანად აისახა პროფესორების ხელფასში, შედეგად, გაცემული დანამატების რაოდენობა 0–ს გაუტოლდა:

 

“უნივერსიტეტში იყო ასეთი სისტემა: პროფესორებს ჰქონდათ გათანაბრებული ხელფასი, მაგრამ ჰქონდათ განსხვავებული დანამატები და ეს დანამატები ხანდახან მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხელფასს. ამიტომ პრაქტიკულად წლიურ ბიუჯეტში დანამატები სახელფასო სარგოზე 2012 წელს განისაზღვრებოდა 5 მილიონზე მეტით, 2013–ში 5,5 მილიონზე მეტით. 2014 წლიდან ეს დანამატი არის 0–ის ტოლი,”– ამბობს ვლადიმერ პაპავა

 

რექტორმა უნივერსიტეტში შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირების, ალექსანდრე კარტოზიას, ავთანდილ სილაგაძესა და ვაჟა ლორთქიფანიძის დაბრუნებაზე ისაუბრა:

 

“გაჩნდა ასეთი ბრალდება, თითქოს უნივერსიტეტში რექტორის ინიციატივით მისი სამეგობრო წრის დაბრუნება მოხდა. ეს სამი ყოფილი თანამდებობის პირი უნივერსიტეტში თანამდებობებზე არავის არ მოუყვანია, ისინი აქ მინისტრებად კი არ მოვიდნენ, ისინი არიან ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები,”– თქვა რექტორმა.

 

ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში მათ პროფესორებად არჩევას სამართლიანობის აღდგენას უკავშირებს: “როდესაც დადგა სამართლიანობის აღდგენის საკითხი, სამართლიანობის აღდგენა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი”.

 

იგი განმარტავს, რომ ეს ადამიანები აკადემიურ თანამდებობაზე თვითონ არ დაუნიშნავს, რადგანაც კანონი ამის უფლებას არ იძლევა. მისი თქმით, კანონის ფარგლებში მოქმედებდა – როდესაც უნივერსიტეტში ვაკანსია იქმნებოდა, აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდებოდა და სწორედ კონკურსის გავლით მიიღეს ყოფილი მინისტრები უნივერსიტეტში.

 

ლადო პაპავამ პრესკონფერენციაზე ამ სამი პროფესორის აკადემიურ წარსულზეც ისაუბრა.

 

გარდა ამისა, პაპავას განმარტებით, მისი რექტორად არჩევიდან პირველივე დღეებში რამდენიმე ადამიანი მასზე ზეწოლას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით ჩომახიძის შეცვლის მოთხოვნით ახორციელებდა. რექტორი ამბობს, რომ მას დავით ჩომახიძესთან შენიშვნები არ აქვს, რადგანაც სწორედ ჩომახიძემ გაგზავნა წერილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნივერსიტეტის შემოწმების თხოვნით 2014 წლის თებერვალში. პაპავა ამბობს, რომ აუდიტის სამსახური უნივერსიტეტს უკვე რამდენიმე თვეა ამოწმებს და ეს პროცესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

 

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მოიძებნება ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან, მის წინააღმდეგ იმოქმედონ, თუმცა უნივერსიტეტთან ახლოს გაზგასამართი სადგურის მშებებლობისა და სასაფლაოს მოწყობის საკითებთან დაკავშირებით პოზიციების დათმობას არ გეგმავს:

 

“არასდროს არ შევურიგდები იმას, რაც კეთდება უნივერსიტეტის საწინააღდმეგოდ, იქნება ეს სასფლაო თუ გაზგასამართი სადგური. ამიტომ, როგორი ბრალდებებიც უნდა წამოვიდეს, ეს ის თემა არ არის, რის გამოც მე რამეს დავთმობ, ან დათმობენ უნივერსიტეტელები, ჩემი კოლეგები, რომელთაც აქვთ საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნივერსიტეტთან დაკავშირებით,”– განაცხადა პაპავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში გამართულ ბრიფინგზე 13.11.2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში გამართულ ბრიფინგზე 13.11.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი