საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა პროკურატურის მიერ ბრალდებულები იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას გირაო: მედეა ბეთაშვილი – 10 000 ლარი, ოთარ ჯეჯეია – 10 000 ლარი, მიხეილ ბესტაევი – 10 000 ლარი, ლაშა გელოვანი – 10 000 ლარი, აკაკი გიორგაძე – 10 000 ლარი, თორნიკე ხუბუა – 2000 ლარი.
პროკურატურა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და გაანადგურონ საქმეში არსებული მასალები. დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავად არიან დაინტერესებული საქმის ობიექტურად წარმართვისთვის და გირაოს მოთხოვნა გადაჭარბებულია. როგორც ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ და ყოველთვის მზად არიან ჩვენების მისაცემად გამოცხადდნენ.
ბეთაშვილი აცხადებს, რომ თავად არის დაინტერესებული მხარე საქმის ობიექტურად წარმართვისთვის და გამოძიების დაწყების დღიდან ქვეყნიდან არ გასულა. ამ წუთებში მოსამართლე შორენა გუნცაძე ბრალდებულებს უსმენს.







