ქვეშეთი-კობის გზაზე გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე სატენდერო წინადადება 7-მა კომპანიამ წარადგინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შემდეგ ეტაპზე ყველა მათგანი შეფასდება და “ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად”.
დეპარტამენტის თანახმად, ქვეშეთი-კობის გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრი, სიგანე კი – 15 მეტრი იქნება.
“[ეს] საკმაოდ იშვიათია, არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა”, – აცხადებს უწყება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაგეგმილია 22.7 კმ-იანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. აქედან ერთ-ერთი – 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. მისივე ცნობით, ქვეშეთიდან კობამდე ამჟამად არსებული 35-კმ-იანი გზა 23 კმ-მდე შემცირდება:
“არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.
ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი”.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და ხელმეორე ტენდერი გამოცხადდა.
გზის მშენებლობა 2 ლოტად იყოფა. დეპარტამენტის თანახმად, მეორე ლოტი, 12.7 კმ-იანი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება “ახლო მომავალში” გაფორმდება.