არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბიანკა შიგუროვას ახსნა-განმარტება, რომელიც მოკლული საბი ბერიანის მსგავსად, თავს ტრანსგენდერ თემს მიაკუთვნებს, მომხდარ მკვლელობაზე გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით შეკითხვებს აჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული საკითხი დროულად შეისწავლოს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქმეზე დამატებითი საჯარო განმარტებები გააკეთოს.
“ჩვენთვის მოცემულ ახსნა-განმარტებაში ბიანკა შიგუროვა უთითებს, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, საბი ბერიანის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 20:00 საათისთვის, მკვლელობაში ბრალდებული პირი მასთან სახლშიც მივიდა და მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ, ბიანკასთან შეხვედრისთანავე, ბრალდებული მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოულოდნელად დაესხა თავს და გულის არეში ელექტროშოკით დარტყმა მიაყენა. შიგუროვას თქმით, მან თავდამსხმელს ელექტროშოკის აპარატი ხელიდან გააგდებინა, თუმცა ის თავადაც დაეცა იატაკზე. ამის შემდეგ თავდამსხმელმა მას ყელში ხელები წაუჭირა და მისი დახრჩობა სცადა. თუმცა ბიანკამ დაყვირება და მის ბინაში მცხოვრები მეგობრის დაძახება შეძლო, მეგობარმა კი დასახმარებლად მეზობელს მოუხმო. ერთობლივი ძალისხმევით მათ თავდამსხმელის სახლიდან გაგდება შეძლეს. ბიანკას თქმით, მეზობელი თავდამსხმელს გაედევნა და ქუჩაში გაიგონა, მან ტელეფონით სხვა პირებს როგორ გადასცა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და დასახმარებლად ადგილზე მოსვლა სთხოვა. ბიანკას განცხადებით, ის მოგვიანებით ტელეფონით დაუკავშირდა თავდამსხმელს და სცადა მისთვის აეხსნა, რომ განმეორებით თავდასხმის შემთხვევაში, იგი პოლიციას მიმართავდა, რა დროსაც, თავდამსხმელმა მას განუცხადა, რომ ის თავად იყო პოლიციელი და არაფრის ეშინოდა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიანკას თქმით, თავდამსხმელს არაფერი უთქვამს ან უკითხავს საბი ბერიანის შესახებ და მასზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირი კავშირი არ აქვს საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან.
ბიანკა შიგუროვას განცხადებით, ის და მის ბინაში მცხოვრები მეგობარი მომხდართან დაკავშირებით 12 ნოემბერს პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა. თუმცა, მათ ჩვენებას გამოძიების საჯაროდ გაცხადებულ ვერსიაზე, რომ მკვლელობა ანგარების მოტივით იქნა ჩადენილი, გავლენა არ მოუხდენია. ბიანკა ამბობს, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროკურატურამ მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა და საგამოძიებო ორგანოებში ყოფნისას ზოგიერთმა თანამშრომელმა ბიანკას და მისი მეგობრის მიმართ ტრანს- და ჰომოფობიური სიძულვილის ენა გამოიყენა.
“მიგვაჩნია, რომ ბ. შიგუროვას ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისათვის. ბ. შიგუროვას ახსნა-განმარტება აჩვენებს, რომ ბრალდებულმა მკვლელობის დღეს ძალადობა რამდენიმე დამოუკიდებელ ეპიზოდში ტრანსგენდერი პირების, როგორც ლგბტ თემის წევრების მიმართ განახორციელა და ამდენად, მისი ქმედება სავარაუდოდ გენდერული იდენტობის გამო, სიძულვილით იყო მოტივირებული. ეს გარემოება ეჭვებს აჩენს გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ანგარებით ჩადენილ ტიპურ მკვლელობას წარმოადგენდა. ცხადია, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შეფასება სცილდება ჩვენს მანდატს, თუმცა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პირველად ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს დასაბუთებული პასუხი გასცეს და საქმეზე ყოველმხრივი და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს”,- აცხადებენ ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” და “იდენტობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მოთხოვნით მიმართავენ, რომელთა თანახმადაც, შსს-მ უნდა შეისწავლოს ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან კავშირში მას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს. ორგანიზაციების შეფასებით, ამ მხრივ, არსებითია, გამოძიებამ შეისწავლოს გენდერული იდენტობის გამო სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც გამოვლენილი ძალადობის ორივე საქმეში უნდა დომინირებდეს; ასევე, ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. შსს-მ უნდა მიიღოს სათანადო სამართლებრივი ზომები ბიანკა შიგუროვას პირადი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და უზრუნველყოს მისი თანამშრომლების მიერ ლგბტ პირთა უფლებების პატივისცემა და აღკვეთოს მათი მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება.
შსს–ს ცნობით, 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ლევან კ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა:
“გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





