ახალი ამბები

აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება – იზორია

22 მაისი, 2019 •
აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება – იზორია

თვდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას გააფორმებს.

ეს განცხადება იზორიამ აშშ-ში ვიზიტისას გააკეთა, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

“ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატო-ში გასაწევრიანებლად”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, საუბარია 2016 წელს გაფორმებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების განახლებაზე, თუმცა ახალი შეთანხმება “უფრო ყოვლისმომცველი” იქნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი