ახალი ამბები

პეტიცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გადარჩენის მოთხოვნით

12 ნოემბერი, 2014 • 2042
პეტიცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გადარჩენის მოთხოვნით

საქმე ეხება თბილისის საკრებულოში ტარიელ ჭანტურიძისა და ხათუნა ელიზბარაშვილის მიერ შეტანილ საჩივარს, სადაც, საკრებულოს ცნობით, ნათქვამია, რომ სვანიძის ქუჩაზე მდებარე თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილ ძაღლების თავშესაფარში დარღვეულია სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები, უგულებელყოფილია ცხოველებთან მოპყრობის წესები, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

“მათ შემოტანილ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ეკა ბესელიას წერილი, ასევე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი შავგულიძის წერილი, რომლებიც მიმართავდნენ ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, რომ განცხადებაში აღწერილი ვითარება აბსოლუტურად შეესაბამებოდა სიმართლეს და იქნებ რეაგირება ჰქონოდათ,“– განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა.

როგორც 11 ნოემბერს, ამ საკითხზე გამართული სხდომის შემდეგ საკრებულოს ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკრებულოს თავშესაფრის სხვა ტერიტორიაზე გადატანის ან დახურვის თაობაზე  წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მათ  იმ ღონისძიებების დაგეგმვა სურდათ, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს დაიცავდა.

“იმიტომ, რომ არ ვყოფილიყავი მიკერძოლებული და არ დამეჭირა ერთი მხარის ინტერესი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, კომისიის სხდომაზე მოვიწვიე ორივე დაინტერესებული მხარე, როგორც თავშესაფრის მეპატრონე, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შემოტანილი განცხადება,“– განაცხადა ბუხრაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თუმცა კომისიის სხდომა მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკებითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. სხდომა დახურულად გამოცხადდა და კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია.

თავშესაფრის მეპარტონის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, თავშესაფარს 2004 წლიდან საკუთარი სახსრებით ინახავს. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ 2004 წლიდან დღემდე 4 ათასამდე ძაღლი შეიფარა, დღეისათვის კი სამასზე მეტ ძაღლსა და 8 დათვზე ზრუნავს.

როგორც თამაზ ელიზბარაშვილმა “იმედის” ეთერში განმარტა, თავშესაფართან ახლოს მცხოვრებ ადამიანს, რომელიც ახლა მის წინააღმდეგ ჩივის, წლების განმავლობაში ფულს უხდიდა:

“მოვიდა თხოვნით, ფანჯრებს გამოვცვლი და სხვა ფანჯრებს ჩავსვამო, მივეცი ეს ფული. მერე მეორე თვეს მოვიდა, ეს მაწუხებსო და 200 ლარით თუ დამეხმარებიო თვეშიო, ეს ყეფა აღარ შემაწუხებსო. ყოველთვიურად, წლების განმავლობაში ვაძლევდი ამ თანხას. ამ 200 ლარის გარდა, მერე გამიზარდა და მოითხოვა 300 ლარი. კი ბატონო, მივეცი. მერე მოითხოვა 500 ლარი – ვუხდიდი ამ 500 ლარს. 2014 წლის სექტემბერში უკვე მომთხოვა 1000 ლარი, რაც უკვე აღარ მივეცი,”– ამბობს ელიზბარაშვილი

მისივე თქმით, ჩივილი თავშესაფრის წინააღმდეგ შემდეგ დაიწყეს, რაც მან თანხის გადახდა შეწყვიტა:

“2014 წლის სექტემბრიდან, შევუწყვიტე თუ არა ამ თანხის მიცემა, უკვე 500 ლარსაც აღარ ვაძლევდი, დაიწყო ჩივილი და აიყოლია მეორე ოჯახი. 8 ოჯახია სულ და ეს 2 ოჯახი ჩივის,“– განაცხადა ელიზბარაშვილმა.

თავშესაფრის მეპარტონეს პრეტენზია იმ კადრებთან დაკავშირებითაც აქვს, რომელიც თავშესაფართან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე უჩვენეს:

“შეხვდნენ მარტო მომჩივან მხარეს, იმათთან ერთად მოვიდნენ, გადაიღეს თავშესაფრის გარე პერიმეტრი, ჩემთან არც დაურეკავთ, არც თავშესაფარში იკადრეს შემოსვლა და საკრებულოში უკვე გარემოს დაცვის კომისია აღმოჩნდა მხარე,”– თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა

შორენა ბუხრაშვილი კი ამბობს, რომ განცხადება გარე პერიმეტრთან დაკავშირებით იყო შემოსული და კადრებიც ამის შესაბამისად გადაიღო.

“განცხადება იყო შემოსული იმ ვითარებაზე, რომელიც არის უშუალოდ თავშესაფრის გარეთ. ამბობდნენ, რომ ჩაედინება მდინარე ვერეში ის სიბინძურეო, რომელიც გამოდის თავშესაფრიდანო.  ამბობდნენ, რომ პერიმეტრის გარეთ დადიან ცხოველები და ამბობდნენ, რომ პერიმეტრის გარეთ არის აუტანელი სუნი,”– განაცხადა მან.

ბუხრაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისია უახლოეს მომავალში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, მომდევნო სხდომას მხარეები აღარ დაესწრებიან.

ამ დროისთვის პეტიციას “გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი” 4 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, რომელიც სტიქიამ გაანადგურა. ფოტო – თავშესაფრის FB გვერდი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, რომელიც სტიქიამ გაანადგურა. ფოტო – თავშესაფრის FB გვერდი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი