ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქს $43-მილიონიან რეზიდენციას უშენებენ – The Bell

22 მაისი, 2019 • 1366
რუსეთის პატრიარქს $43-მილიონიან რეზიდენციას უშენებენ – The Bell

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთვის ახალი რეზიდენცია შენდება, რომელზეც სულ მცირე 2.3 მლრდ რუბლი (დაახლოებით 43 მილიონი დოლარი) უნდა დაიხარჯოს, შემკვეთი კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას The Bell აქვეყნებს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეზიდენცია სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ქალაქ პუშკინში აშენდება. იმ ადგილას, სადაც ადრე ძველი მონასტერი იდგა. The Bell მშენებელზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე ჯერ რესტავრაცია უნდა ჩატარდეს, რათა შემდეგ მიწის ნაკვეთზე დიდი კომპლექსი, მათ შორის, რეზიდენცია, სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა და საბილიარდო აშენდეს.

გამოცემის თანახმად, 2.3 მლრდ რუბლი მხოლოდ რესტავრაციას მოხმარდება, კომპლექსის ინფრასტურქტურაზე კი, მათ შორის, ავეჯზე, თანხები ცალკე უნდა გამოიყოს.

გარდა ამისა, რეზიდენციას ე.წ. “ჭკვიანი სახლის” ფუნქციებიც ექნება, რაც ნიშნავს, რომ სახლის გარკვეული ფუნქციების მართვა დისტანციურად იქნება შესაძლებელი.

ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად კონკურსი 2017 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, ხოლო 2018 წელს დაიდო ხელშეკრულება. კომპანია “Геоизол” ობიექტზე 2019 წელს შევიდა და მისი წარმომადგენლების თქმით, მშენებლობას 2021 წლის დეკემბერში დაასრულებს.

რაც შეეხება, რუსეთის შესყიდვების სააგენტოს, უწყების საიტზე ატვირთულ დოკუმენტებში მხოლოდ დამკვეთის შესახებ ვკითხულობთ, (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო), ასევე, მოცემულია ობიექტის ღირებულება. დანარჩენ დეტალებზე დოკუმენტებში წერია, რომ ინფორმაცია საიდუმლოა. 

გავრცელებულ ინფორმაციას ახალ რეზიდენციასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოში სიცრუეს უწოდებენ. govoritmoskva-თან ინტერვიუში რუსეთის საპატრიარქოს პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ახალი კომპლექსი უნდა აშენდეს, ისედაც რუსეთის ეკლესიას ეკუთვნის. რესტავრაციის შემდეგ კი ადგილზე მოეწყობა სხვადასხვა შენობები, მათ შორის, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პატრიარქი კირილე ვიზიტით ჩამოვა კომპლექსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი