თბილისის მერის განცხადებით, ბაგა-ბაღებს საკვებით რამდენიმე დღეში ახალი კომპანია მოამარაგებს, მანამდე კი ამას თვითონ ბაღები უზრუნველყოფენ. ამის შესახებ კახა კალაძემ დღევანდელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერი მშობლებს მიმართავს, რომ კვებასთან დაკავშირებით დღეს არანაირი პრობლემა არსებობს, რადგან სანამ საკვების მომმარაგებელ ახალ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, ბავშვებს თვითონ ბაღები უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული საკვებით.
ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით. ვფიქრობთ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ჩვეულებრივად გაგრძელდება კვების მიწოდება უკვე შერჩეული კომპანიის მხრიდან. დღეს ამას ახორციელებს ბაღები და ყოველგვარი პრობლემების გარეშე. თქვენ იცით, რომ კვების რაციონზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაშიც დაგვეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეიძლება ვთქვათ, რომ ის კალორაჟი, რაც არის, არის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული. ასე რომ, მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით არ ყოფილა პრობლემა და არც იქნება სამომავლოდ. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება არის პრიორიტეტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა 20 მაისს განაცხადა, რომ ბაგა-ბაღებს საკვებით კომპანია “ნილი” აღარ მოამარაგებდა. მისი თქმით, მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ პროდუქტებით მომარაგების პროცესში ხარვეზები და შეფერხება გამოვლინდა.