ბაგა-ბაღებს საკვებით “ნილი” აღარ მოამარაგებს

ბაგა-ბაღებს საკვებით კომპანია “ნილი” აღარ მოამარაგებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა. ელოშვილი განმარტავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროდუქტებით მომარაგების პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.

“საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციის მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკრებულოს თუ ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან. ამდენად, კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს მუდმივ შეფერხებებს. კერძოდ, ხდებოდა საკვების დაგვიანებით მიტანა, ასევე, საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო.

კომპანიის მიერ უხარისხო საკვების მოწოდებაზე ნეტგაზეთთან ისაუბრა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც გვითხრა, რომ “ნილმა” რამდენჯერმე  უხარისხო საკვები მიაწოდა, თუმცა პროდუქტი ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა ბავშვებამდე არ დაუშვეს. მისივე თქმით, ახალ ტენდერამდე ბაღები საკვებს თავისით შეისყიდიან, თუმცა, ეს შეფერხებას არ გამოიწვევს.

მერიაში ამბობენ, რომ კონტრაქტში ხელშეკრულების შეწყვეტის  საფუძველი არსებობს და არც ამ თვალსაზრისით არ გაჩნდება რაიმე შეფერხება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან