ახალი ამბებიკინო

თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს მეთხუთმეტედ უმასპინძლებს

12 ნოემბერი, 2014 • • 1534
თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს მეთხუთმეტედ უმასპინძლებს

ორგანიზატორების თქმით, კინოფესტივალის მთავარი თემა ქალაქის დაგეგმარება და ურბანიზაცია იქნება.

 

“კინოფესტივალი ურბანიზაციის პირობებში გაჩენილ აქტუალურ საკითხებს, მწვანე აქტივიზმსა და ეკო-ცნობიერების ამაღლებას ეხმაურება- მოეწყობა სპეციალური ჩვენებები ამ თემაზე, სადაც ქართული დოკუმენტური ფილმებიც იქნება ნაჩვენები არქივიდან. გარდა ამისა, გაიმართება პანელ დისკუსიები, ხოლო კინოთეატრ ამირანის ფოიეში მოეწყობა თემატური გამოფენა, – წერია კინოფესტივალის ვებგვერდზე.

 

კინოფესტივალის მთავარი თემიდან გამომდინარე ქალაქის მმართველობის მხარდაჭერა და ჩართულობა  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მიიჩნევენ ორგანიზატორები.

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსა და თბილისის მერიასთან არსებულ კულტურული ღონისძიებების ცენტრს შორის ფესტივალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მერიამ ღონისძიებისთვის 75 ათასი ლარი გამოყო. ხოლო საქართველოს მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან კინოფესტივალისთვის 90 ათასი ლარი გამოყო.

 

კინოფესტივალის საერთაშიროს კონკურსისთვის გაიცემა სამი პრიზი: ოქროს პრომეთე (საუკეთესო ფილმისთვის), ვერცხლის პრომეთე (საუკეთესო რეჟისორისთვის), ჟიურის სპეციალური პრიზი (ჯილდო შეიძლება მიიღოს მსახიობმა, კომპოზიტორმა, მემონტაჟემ, ოპერატორმა, პროდუსერმა, სცენარის ავტორმა ან მხატვარმა).

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ევროპული კინოს ფორუმზე აჩვენებენ ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს ევროპის ქვეყნებიდან და ჰორიზონტები (სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროგრამა დანარჩენი მსოფლიოდან).

 

გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, სექციაში “დამზადებულია გერმანიაში” ნაჩვენები იქნება ახალი ფილმები გერმანიიდან; სექცია “ქვეყანა ფოკუსში” ერთი კონკრეტული ქვეყნის კინოს დაეთმობა.

 

კინოფესტივალის სხვა სექციებია: რეჟისორი ფოკუსში, მსახიობი ფოკუსში, დოკუმენტური მსოფლიო (დოკუმენტური ფილმები მთელი მსოფლიოდან), ქართული პანორამა (ახალი ქართული ფილმები), ანიმაციური ფილმების ფესტივალი”თოფუზის” საუკეთესო ფილმები, თბილისი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საუკეთესო ფილმები.

 

კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ინდუსტრიული დღეები, რომელიც 3-დან 5 დეკემბრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორები ამბბოენ, რომ საჭიროა ინდუსტირული პროგრამის გაფაროება მას შემდეგ, რაც ქართულმა ფილმებმა სხვადასხვა კინოფესტივალზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ, რომ ინდუსტრიული დღეების საშუალებით კინოფესტივალი გადააქციონ პლატფორმად კინოპროფესიონალებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი