შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ მოქალაქეს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველები შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე:
“პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ადგილზე სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს.”
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ მუქარას გულისხმობს.