ახალი ამბები

რა დაჯდა პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიასა და ყირგიზეთში

11 ნოემბერი, 2014 • • 2683
რა დაჯდა პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიასა და ყირგიზეთში

ამას გარდა, ბიუჯეტიდან დახარჯულია დელეგაციის წევრების სამივლინებო ხარჯები, მათ შორის, პრეზიდენტმა მიიღო 4 ათას ლარზე მეტი, მისმა მრჩეველბმა – 2000-2000 ლარამდე, პირველმა ლედიმ – 1500 ლარზე მეტი და ა.შ.

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა, დელეგაცია 10 წევრით იყო დაკომპლექტებული და მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ასევე, დავით პატარაია (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი), თენგიზ ფხალაძე (პრეზიდენტის მრჩეველი), გიორგი აბაშიშვილი (პრეზიდენტის მრჩეველი), ლევან ტრაპაიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი), კარლო ცქიტიშვილი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი) და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ნინო ბაგრატიონი, ქეთევან ჩიხრაძე, ნინო წიქარაძე.

 

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 20 ოქტომბრიდან დაიწყო, გიორგი მარგველაშვილი შეხვდა იაპონიის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საკითხებში მინორუ კიუჩის და ამ შეხვედრის შედეგად, როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში იაპონია საქართველოს  “გრუზიას” ნაცვლად “ჯორჯიად” მოიხსენიებს და აღნიშნულ საკითხს იაპონიის პარლამენტი 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. ამას გარდა, იაპონიაში ვიზიტის დროს, გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესთანამშრომლობის ასოციაცია  როტობო-ს პრეზიდენტთან, ტაკაში ნიშიოკასთან გამართა შეხვედრა, რომელსაც მსხვილი იაპონური ორგანიზაციებისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, პრეზიდენტი შეხვდა ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის, „მარუბენის“ თავმჯდომარეს, კომპანია Keizai Doyukai-ს წარმომადგენლებს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შედგა პრეზიდენტის შეხვედრა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან. შეხვედრის შედეგად მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, 23-პუნქტიანი ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც დემოკრატიისა და მშვიდობის მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ თანამშრომლობას  ითვალისწინებს. მემორანდუმში ორი ქვეთავი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებს ეთმობა.

 

პრემიერი მარგველაშვილი, ასევე, შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, იაპონიის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში. ამას გარდა, მარგველაშვილმა სასაკავას მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან, იოჰეი სასაკავასთან შეხვედრა გამართა, რომლის შემდეგაც ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა იაპონიაში
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა იაპონიაში

 

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი და პირველი ლედი ტოკიოდან კიოტოში გაემგზავრნენ, სადაც „ჯიდაი მაცურის“ ფესტივალს დაესწრნენ. ასევე, გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ სასახლეში უმასპინძლა.

 

იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტმა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ლიგის წარმომადგენლებთან სამუშაო საუზმეც გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 24 ოქტომბერს დასრულდა, რის შემდეგაც გავლითი ვიზიტის ფარგლებში ბიშკეკში ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა და 25 ოქტომბერს თბილისში დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი