ახალი ამბები

თბილისის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

11 ნოემბერი, 2014 •
თბილისის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

“ბუჯეტის დაახლოებითი მოცულობა მომდევნო წლისთვის 800 მილიონი ლარით განისაზღვრება, თუმცა ჩვენ საბოლოო, დაზუსტებული ციფრის გამოქვეყნების საშუალება მოგვეცემა მას შემდეგ, რაც ცენტრალური მთავრობიდან მისაღები ტრანსფერების საბოლოო მოცულობა დადგინდება,” – განაცხადა თბილისის მერმა.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის 4 მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება:

 

მერის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ის პროგრამები და მათი დაფინანსება, რაზეც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა არსებობს.


2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვთ, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტების დაფინანსება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8 მილიონით გაიზრდება. სოციალური პროექტები დაფინანსდება 168 542 800 ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები – 34 450 000 ლარით.


მათ შორის, 1,4 მილიონით დაფინანსდება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევები.


4 მილიონით დაფინანსდება ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების (0–დან 25 წლამდე) ოპერაციული მკურნალობის პროგრამა.  


800 000 ლარით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრი და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა, ხოლო 1 000 000 ლარით –სოციალურიად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა.


2015 წელს მერია 1 მილიონს გამოყოფს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500–ლარიანი დახმარების პროგრამის დაფინანსებისთვის.

 

 

 

950 000 ლარით დაფინანსდება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება

 

 

 

ასევე, 1 200 000 ლარი არის გამოყოფილი  მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამის დაფინანსებისთვის.

 

 

 

ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება – ნაცვლად 25 ლარისა, რასაც იღებდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე, მიიღებენ 50 ლარს. ჯამური ბიუჯეტი – 7 მილიონი ლარი.

 

 

 

5 მილიონი ლარით გაიზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება. ამ მიმართულებით, ნაცვლად 2014 წელს გამოყოფილი 9 მილიონისა, 2015 წელს 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

 

 

3 500 000 ლარით გაიზრდება უფასო სასადილოებით ბენეფიციართა მომსახურების თანხა.

 

 

 

700 000 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება (უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში). პროექტის ჯამური ბიუჯეტი  4 000 000 ლარია.

 

 

 

გაიზრდება ავარიული საცხოვრებელი სახლებში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსაცია. ჯამში, ამ მიმართულებით 3 600 000 ლარი დაიხარჯება.


თბილისის მერიის კიდევე ერთი დეკლარირებული პრიორიტეტისთვის – დედაქალაქის გამწვანებისთვის 2015 წლის ბიუჯეტი 5 მილიონით გაიზრდება და 20 მილიონ ლარს შეადგენს. 

 

მესამე პრიორიტეტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, საბავშო ბაღების მშენებლობა და კეთილმოწყობაა.  8 მილიონი ლარით გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღების პროგრამა, რომლისთვისაც, ჯამში, 85 მილიონი ლარი გამოიყოფა. ასევე, დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


რაც შეეხება მერიის კიდევ ერთ პრიორიტეტს, მუნიციპალური ინფრაქტრუქტურის კეთილმოწყობას, ამ მიმართულებით  238 000 000 ლარი არის გათვალისწინებული.


2015 წლის ძირითადი პროექტები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა; ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია, ასევე 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა იქნება.

 

ავარიული შენობების გამაგრების სამუშაობისთის 18 500 000 ლარი იქნება გამოყოფილი, საგზაო ინფრასტრუქტურის მშებებლობა– აღდგენისთვის, 60 120 000 ლარი; მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის – 3 500 000 ლარი.


ინფრასტრუქტურული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსებისთვის რაიონული გამგეობების ბიუჯეტი 32 მილიონი ლარით გაიზრდება.


2 500 000 ლარი არის გამოყოფილი ინოვაციური მუნიციპალური პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, სამგორი–ვაზისუბნის საბაგიროს გზის დაპროექტებაზე; პროექტ “QR კოდები – თბილისის” დაწყებაზე, სადაც თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობები QR კოდებით აღიჭურვება.


ასევე, დაიწყება პროექტი “თბილისის მწვანე ქუჩა”, რაც მიზნად ისახავს თბილისის ერთ–ერთი ქუჩის შერჩევას და მისი განსაკუთრებული, “მწვანე” სტატუსით პროექტირებას, რაც სპეციალურად შერჩეული ხეების დარგვასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის გამწვანებას გულისხმობს.


გარდა ამისა, მერია აპირებს დაიწყოს საპილოტე პროექტი “ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა”, რაც შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას მოიცავს.


 

მერის თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსასაზღვრად 8 000–მდე ადამიანი გამოიკითხა:

 

“ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და ჯამში 8 000–მდე ადამიანი გამოიკითხა მათი საჭიროებების და პრობლემების თაობაზე და სწორედ ამაზე იქნა დაფუძნებლი ქალაქ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი,”– თქვა მერმა. 

 

დავით ნარმანიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წლის ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე იქნება:

 

“მთელი რიგი პროექტები იქნება უფრო მეტად დეტალურად მოცემული და შეფასებების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ამ პროექტების განხორციელების ეფექტიანობა შევაფასოთ, ასევე, 2015 წლის ბიუჯეტში იქნება დეტალურად მოცემული,”– თქვა მერმა

მასალების გადაბეჭდვის წესი