საპრეზიდენტო არჩევნების 2019 წლის 23 ნოემბრამდე გადადების მოთხოვნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ზაფხულში გაიმართება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე გართიანებული ოპოზიციური კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიცია მოითხოვდა, არჩევნები ზაფხულის ნაცვლად შემოდგომით ჩატარებულიყო.
ამ მიზნით მოქალაქეები სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ და ამ დრომდე იქ რჩებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს.
ასეევ, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.