საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება.
საია აღნიშნავს, რომ დაძაბული საარჩევნო გარემო ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია დამატებით ყურადღებას ამახვილებს ორ ნეგატიურ ფაქტზე:
- საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს;
- ორგანიზაციის განცხადებით, იმავე ოლქში პოლიციამ, სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი.
ამ ეტაპზე საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების) შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. საია წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას.
საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს ნების თავისუფალ გამოვლენაზე:
ამ ფონზე შემაშფოთებელი იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. სამწუხაროა, რომ ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს”.
როგორც საია აცხადებს, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეოგადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს:
მსგავსი შეთხვევები ვიდეოკადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები”.
საია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღბას ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა, Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავების ფაქტზე:
როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას”.
საიას განცხადებით, ზუგდიდის #9 უბანზე მათი დამკვირვებელი არ შეუშვეს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის აცხადებს, რომ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობდა:
საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილობიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ტექნიკური პრობლემები ელექტრონულ ხმის დათვლას მთელი დღე თან ახლდა, რის გამოც გარკვეული ხნის განმავლობაში 2 უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა კიდეც”.
საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში მთლიანობაში დაიწერა სულ 8 საჩივარი:
- ზუგდიდის ოლქის #73 და #75 საარჩევნო უბნებზე – წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა);
- ზუგდიდის ოლქის #10 და #32 უბნები – კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);
- ზუგდიდის ოლქის #108 უბანი – საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს – ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია);
- ზუგდიდის ოლქის #9 უბანი – დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა (საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს);
- მარნეულის #83 უბანში – განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირებაგავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა);
- მთაწმინდის #11 უბანი – არ დაჯდა ბალანსი (ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობას).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მარნეულის, ზუგდიდის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებს, ასევე წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 50 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.
ორგანიზაციამ სტატიკური დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით 22 საარჩევნო უბანში განათავსა. საია არჩევნებს 6 საარჩევნო ოლქში 17 მობილური ჯგუფით და 7 ოლქის დამკვირვებელით დააკვირდა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებდა როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს უწევდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობდა სპეციალური ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლოთ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.