უჩა ნანუაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს სტატუსი სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო.
ამ კონვენციის მეექვსე მუხლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებს ეხება. კვლევა სწორედ ამ მუხლის იმპლემენტაციას, საქართველოში არსებულ გამოწვევებს და პერსპექტივებს მიეძღვნა.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გაეროს განვითარებს პროგრამის იურისტმა ირინე ობოლაძემ განაცხადა, ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა ჯერ კიდევ შორსაა კონვენციით დადგენილი მოთხოვნებისგან:
“სამწუხაროდ, კანონმდებლობაში, მთავრობის სამოქმედო გეგმებში შშმ ქალთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული,”- თქვა ირინე ობოლაძემ კვლევის შედეგების პრეზენტირებისას.
კვლევის პრეზენტაციას შშმ პირები და მათი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შშმ პირის დედამ, ლელა ჯანაშიამ განაცხადა, რომ მისი შვილისთვის სახელმწიფო სერვისები არ არის ხელმისაწვდომი
“2 ადამიანის მაგივრად დავდივარ, 2 ადამიანის მაგივრად ვხედავ. ამ ქვეყანაში არაფერი არ კეთდება და ნამდვილად ხაზგასმით, იმიტომ, რომ 5 წლის განმავლობაში იმას ვერ მივაღწიე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს და მე მარჩენალდაკარგულის პენსია გვქონდეს. ყველაფერი გვაქვს სიღარიბის ზღვარზე მიბმული. არც ერთი პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, არ გვეკუთვნის მე და ჩემს შვილს და მე და ჩემი შვილისნაირებს. შეხვედრები შეხვედრებად რჩება და არაფერი არ იცვლება,”- თქვა ლელა ჯანაშიამ.
ირინე ობოლაძის თქმით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უმრავლესობა სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხარისხიც. ასევე, კვლევის მიხედვით, დაბალია საზოგადოების, მათ შორის შშმ პირთა ინფორმირებულების დონე ადამიანის უფლებათა შესახებ
ინგა ნაბახტეველმა, რომელიც შშმ პირია, შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ადამიანს ტკივილი აწუხებს, ის ვერ იზრუნებს ცნობიერების ამაღლებაზე:
“აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ვალდებულება, რომ შშმ პირების ტკივილი მოგვარდეს. თუ ადამიანს ტკივილი აწუხებს, ის ვერ იზრუნებს ცნობიერების გაზრდაზე. არსებობს სოციალური პაკეტები, ოპერაციები კეთდება, მაგრამ თუ ამ ოპერაციის მერე ადამიანმა რეაბილიტაცია არ გაიარა, ეს არის 50% და წყალში ჩაყრილია ეს შრომა. აუცილებელია ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის ცენტრი,”- თქვა მან
კვლევაში დასტურდება, რომ სერიოზული პრობლემებია შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების კუთხით. პრობლემაზე, რომელიც დასაქმებისას ექმნება, ინგა ნაბახტეველმა “ნეტგაზეთთან” ისაუბრა:
“მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ეხსნებათ პენსია. ეს არის უდიდესი დისკრიმინაცია ამ პირების მიმართ. არ ვარ დასაქმებული, მაქვს პერსპექტივა, მაგრამ რომ დავსაქმდე, პენსია მომეხსნება,”- თქვა მან.
კვლევა 2014 წლის თებერვალ-სექტემბერში კახეთში, სამეგრელოში, იმერეთსა და მცხეთა-მთანეთში ჩატარდა, ის სამართლებრივი და სოციალური კვლევის კომპონენტებს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში, რეგიონებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა 145-მა ადამიანმა მიიღო.
შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენცია გაერომ 2006 წელს შეიმუშავა. საქართველომ კონვენციას ხელი 2009 წელს მოაწრა, თუმცა რატიფიცირება მხოლოდ 2013 წლის ბოლოს მოხდა, ძალაში კი – 2014 წლის აპრილიდან შევიდა.