ნარმანია: ვარდების მოედანზე საბაგირო გზის მშენებლობა დაკონსერვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია არქიტექტორების მიერ მომზადებულ პეტიციას პასუხობს, რომელიც ვარდების მოედანზე საბაგირო სადგურის მშენებლობის საკითხს უკავშირდება. ნარმანიას თქმით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე საბაგირო სადგურის მშენებლობა შეჩერდება.

დავით ნარმანიას განმარტებით, როდესაც მან მერის მოვალეობის შესრულება დაიწყო, თბილისის მერიაში უკვე შესული იყო არქიტექტორების მიმართვა, სადაც  თბილისის საბაგირო სადგურის ძველ ტერიტორიაზე გადატანას ითხოვდნენ, ვინაიდან, არქიტექტურული და ურბანული თვალსაზრისით, სასტუმრო „რედისონის“ წინ საბაგირო სადგურის განთავსება არ იყო მიზანშეწონილი. ნარმანია ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებული იყო.

 

“დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა. ამჟამად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი – ვარდების მოედანზე უკვე დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, როგორი ტიპის პროექტი შეიძლება იყოს შესაბამისი. ამისათვის ჩვენ ღია არქიტექტურული კონკურსი გამოვაცხადეთ და ვნახავთ, რა ტიპის პროექტები შემოვა. მეორე -მიმდინარეობს შესწავლა, რა დაჯდება ძველი სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იქიდან საბაგიროს გაშვების შემთხვევაში, დამატებით რამდენი მილიონი ლარის მობილიზება გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში პროექტი და უკვე დამზადებული მანქანა-მოწყობილობები, რომელიც ნაყიდი დაგვხვდა, გადასაკეთებელი იქნება. გარდა ამისა, ძველი სადგურის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებლობას გვიორმაგებს, რათა არ მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტის დაზიანება. ამასთან, პირადად ჩემი გადაწყვეტილებით, ვარდების მოედანზე მშენებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკონსერვდა და იქ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს”,-აცხადებს ნარამანია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მერიაში ზემოთ აღნიშნულ ორივე ვარიანტს შეისწავლიან, ოპტიმალური გადაწყვეტილებას მისაღებად საკითხი საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით განიხილება.

 

მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის ქვედა სადგურის მშენებლობის გამო, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და მხატვრების ჯგუფმა პეტიცია მოამზადა. მათი განცხადებით, ვარდების მოედანი ამ პროექტისთვის შეუფერებელი ადგილია.

 

“გვინდა დავაყენოთ საკითხი ძველი საბაგიროს სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ასეთ მიდგომას ბევრი უპირატესობა აქვს და ქალაქის ისტორიული ცენტრის იერსახის შენარჩუნების თვალსაზრისით უფრო გამართლებულ ალტერნატივას წარმოადგენს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას აუცილებელია საზოგადოების ფართო წრეების აზრის გათვალისწინება. თუ ეს მშენებლობა შედგა, რუსთაველის გამზირს და ვარდების მოედანს სამუდამოდ შეეცვლება იერსახე. დაუშვებელია, იერსახის ამგვარი ცვლილება ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგი იყოს. ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა თბილისის საკრებულოს საბაგიროს სადგურის მოედანზე განთავსების გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით. გვჯერა, რომ საზოგადოებრივი აზრის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე რესპუბლიკის მოედანზე ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყება სრულიად დაუშვებელია”,-ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

პეტიაციას, 10 ნოემბრის მონაცემებით, 656 ადამიანი აწერს ხელს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .