ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის გადაცემის პროდიუსერი შესაძლოა ვასილ მაღლაფერიძე გახდეს

10 ნოემბერი, 2014 • • 1288
ბიძინა ივანიშვილის გადაცემის პროდიუსერი შესაძლოა ვასილ მაღლაფერიძე გახდეს

” გადაწყვეტილი სრულად არ არის. კარგა ხანია ჩვენ ამ გადაცემაზე ვსაუბრობთ. არ არის გამორიცხული, მე ვიყო პროდიუსერი, მაგრამ დანარჩენი არაფერი არ არის გადაწყვეტილი”,-ამბობს ის.

 

ვასილ მაღლაფერიძის თქმითვე, კონკრეტულად რა სახის გადაცემა იქნება, ჯერ საუბარი არ შეუძლია და ახლა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.

 

“ბატონი ბიძინა არ იქნება წამყვანი, ეს გამორიცხულია. თუ დამაინტერესა, დავთანხმდები, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. საინტერესო პროექტია”- ამბობს მაღლაფერიძე.

 

ჯერ კიდევ ივლისის თვეში ბიძინა ივანიშვილის გადაცემის პროდიუსერობა  “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელ დირექტორს თამარ რუხაძეს და ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორის ირაკლი აბსანძეს შეთავაზეს.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 8 ნოემბერს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით განაცხადა, რომ მისი გადაცემა “საზოგადეობა 2030” ტელეკომპანია GDS-ის ეთერით გავა. მისივე თქმით, გადაცემა ყოველდღიური იქნება, სადაც  სამი ანალიტიკოსი და დამატებით ერთი ადამიანი “საზოგადეობა 2030”-ის ჯგუფიდან იქნება მოწვეული.

 

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ კვირაობით, ერთი საათით თავადაც გაუძღვება სამ წამყვანთან ერთად გადაცემას.

 

“კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა, ბევრს. ამაში ტრაგედიას არ ვხედავ, ამის შესრულება რომ მომიწიოს”, – ამბობს ივანიშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერას კუთვნილი GDS TV- გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ტელევიზიაა, რომელიც 2012 წლიდან გასართობი მაუწყებლობის მქონე ლიცენზიას ფლობს, თუმცა 4 ივლისს media.ge-ის ტელეკომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ GDS საინფორმაციო არხად გარდაქმნას აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი