
პედაგოგთა ხელფასების ზრდის საკითხზე პრეზენტაცია დღეს, 10 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს წარუდგინეს.
თამარ სანიკიძის განცახდებით, 2015-2016 აკადემიურ წლებში სკოლის პედაგოგის ხელფასი ორ ეტაპად გაიზრდება, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით განხორციელდება.
ოფიციალური ინფორმაციითვე, მეორე კარიერულ საფეხურზე სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 760 და 860 ლარით უნდა განისაზღვროს.
2016 წლის აპრილიდან, როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება.
მეორე კარიერულ საფეხურზე კი ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ 47%-ით უნდა გაიზარდოს. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე გახდება 875 და 1085 ლარი.
სამინისტროს ცნობითვე, 2017 წლის იანვრიდან განხორციელდება მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი და მეორე კარიერულ საფეხურზე ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრულ განაკვეთის შემთხვევაში, გაიზრდება საშუალოდ 88%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 1050 და 1250 ლარი უნდა გახდეს.
რაც შეეხება პედაგოგთა სქემაში გადანაწილების საკითხს, სქემაში განაწილების წესის და სტატუსების მინიჭების დებულებას მთავრობის მიერ შექმნილი სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს.
სისტემაში, განათლების სამინისტროს მონაცემებით, 62 ათასზე მეტი მასწავლებელი იქნება ჩართული [სქემაში ჩართვა მასწავლებლისთვის სავალდებულოა].
რაც შეეხება პროფესიული განვითარების საფეხურებს: I კატეგორია – პრაქტიკოსი მასწავლებელი, მოქმედი არასერტიფიცირებული მასწავლებელი; II კატეგორია – უფროსი მასწავლებელი, მოქმედი სერტიფიცირებული მასწავლებელი; III კატეგორია – წამყვანი მასწავლებელი და უმაღლესი კატეგორია – მენტორი.
ამ ეტაპზე სქემის საბოლოო დოკუმენტი არ არსებობს, სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ჯერ დამუშავების პროცესშია.




