ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 74% უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ქალების 76% ალიანსში გაწევრების მომხრეა, მაშინ როცა ეს მონაცემი კაცებში 72%-ია.
იმ 74%-დან, რომლებიც ნატოში გაწერებას უჭერენ მხარს, უმრავლესობა, 53% ამბობს, რომ ალიანსი საქართველოს მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 37% ფიქრობს, რომ ამით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
იმ ადამიანების 51%, ვინც ნატოში გაწევრებას მხარს არ უჭერს, ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს. 12% -ის აზრით, ნატოში შესვლით საქართველო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს.
კითხვაზე, რა არის ნატოში გაწევრების ხელის შემშლელი ფაქტორები, გამოკითხულთა 47% რუსეთს ასახელებს, ხოლო 42% -საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.