„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით- ზუგდიდისა და მარნეულს საარჩევნო ოლქებში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს, 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. ორგანიზაციას ზუგდიდის, მთაწმინდისა და მარნეულის ყველა საარჩევნო უბანში ჰყავდა დამკვირვებელი.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 46, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი დაწერეს.
ISFED- ის დასკვნით:
[checklist]
- რამდენიმე საარჩევნო უბანზე და მათ მიმდებარედ დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, რასაც რიგ შემთხვაში თან ახლდა არეულობა უბნებზე და ხმის მიცემის შეფერხება;
- ზოგიერთ საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება, მათ შორის, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.
- სხვადასხვა უბნებზე, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
- ორგანიზაციის შეფასებით, გამორჩეულად პრობლემური იყო მარნეულის #68 და #84 საარჩევნო უბნები- „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, ამ უბნებზე კონცენტრირებული სახე ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას, რაც ამ უბნების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
- ხმის დათვლის პროცესში ცალკეულ უბნებზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლების მიერ გაკეთებული მინიშნებები ბიულეტენებსა და კონვერტში ჩადებულ ფურცლებზე, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.
[/checklist]
ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის შედეგებს 20 მაისს გამოაქვეყნებს.
ნახეთ დეტალური ინფორმაცია დარღვევების შესახებ, რომელიც ISFED -ის დამკვირვებლებმა აღრიცხეს.
დარღვევები:
პრობლემური საარჩევნო უბნები
მარნეულის #68-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სათანადოდ დაკვირვების საშუალება არ ეძლეოდა. ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი გაუმჭვირვალე იყო და რეგისტრატორები არ აკონტროლებდნენ ამომრჩევლების მიერ სიაში ხელმოწერის გრაფებს.
კენჭისყრის კაბინა განთავსებული იყო მეორე სართულის მოაჯირის ქვეშ, რის გამოც სხვადასხვა პირები კაბინაში შესულ ამომრჩევლებს დასცქეროდნენ, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას წარმოადგენს. დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტი. დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნებმა” უბანზე კენჭისყრის შეწყვეტა და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. ორგანიზაცია მოითხოვს ამ საარჩევნო უბნის ბათილობას.
მარნეულის #84 სააჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ ელექტროენერგია გაითიშა და გაურკვეველმა პირებმა საარჩევნო ყუთი გატეხეს, რასაც კომისიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა. ელექტროენერგიის მოსვლის შემდგომ, კომისიამ ბიულეტენები ყუთში უკან მოათავსა და დათვლის პროცესი დაიწყო. „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვს აღნიშნული უბნის ბათილობას.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები
საგარეჯოს #13 საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ლუდს სვამდნენ, მათ შორის საოლქო კომისიის წევრებიც. გარკვეულ ეტაპზე, მოქეიფეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით განიმუხტა.
ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა არეულობა და ხმაური. უბნიდან გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის” წარმომადგენელი. მოგვიანებით იგი დაბრუნდა უბანზე, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა. უბანზე პოლიცია გამოიძახეს, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეფერხებული იყო. გარკვეული დროის შემდეგ მან დატოვა უბანი, „თავისუფალი ზონის” წარმომადგენლის მიერ გაძევების შესახებ შედგენილ ოქმის მოთხოვნას უბანზე კვლავ დაპირისპირება და ხმაური მოყვა.
მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის უბნიდან გაძევების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კომისიის წევრებმა თავდაპირველად საჩივრის წარდგენის საშუალება არ მისცეს, რის გამოც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში საარჩევნო პროცესი უბანზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ზუგდიდის #25 საარჩევნო უბნის მიმდებარედ საზოგადოებრივი გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ დამკვირვებელმა ამომრჩეველს თანხა გადასცა.
დამკვირვებელზე ზეწოლა და უფლების შეზღუდვა
ზუგდიდის #25 საარჩევნო უბანზე მოსყიდვის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, კომისიის წევრები აგრესიულად განეწყვნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისადმი და დაემუქრნენ მას. კომიის ერთ-ერთ წევრს დამკვირვებელზე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ჰქონდა.
მარნეულის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, რაც დამკვირვებლების მხრიდან მითითების შემდეგ აღიკვეთა. აღნიშნულ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს შენიშვნის დაფიქსირების უფლება კომისიის მდივანმა არ მისცა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვაზე რეაგირება არ მოახდინა კომისიის თავმჯდომარემ.
ამომრჩევლის ხმის უფლების შეზღუდვა
ზუგდიდის #78 უბანზე კომისიის წევრებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს ხმა იმ მიზეზით არ მიაცემინეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების გაკეთება არ შეეძლოთ. აღნიშნული ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.
უკანონო აგიტაცია
ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა დავით ნარმანია, რომელიც პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებდა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მხარდაჭერას გამოხატავდა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისიის წევრს, ნარმანიას ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
ხმის მიცემის ფარულობის დარვევა
მარნეულის #5 საარჩევნო უბანზე 3 შემთხვევაში ამომრჩევლებმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღეს. აღნიშნულზე დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ ამომრჩევლებმა ფოტოები წაშალეს.
მარნეულის #44 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენი უბანზე მყოფ პირებს აჩვენა.
ზუგდიდის #80 საარჩევნო უბანზე 5-მა ამომრჩეველმა კაბინის გარეთ გამოაცხადა, თუ ვის მისცეს ხმა.
ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი
ზუგდიდის #54-ე უბანზე ხუთ სხვადასხვა კონვერტში ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ფურცლები, სადაც სხვადასხვა მინიშნებები და ციფრები ეწერა. ერთ-ერთ ფურცელზე ამომრჩევლის სახელიც ეწერა. ყველა ასეთ ბიულეტენზე შემოხაზული იყო „41“.
ხულოს #1 საარჩევნო უბანზე სამ ბიულეტენზე გაკეთებულია მინიშნება, რაც სავარაუდოდ ამორჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.
გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები
ზუგდიდის #3, #36 და #46 საარჩევნო უბნებზე თითო ამომრჩეველმა, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყვნენ, უბანზე მისცეს ხმა.
მარნეულის #25 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიებში არ იყო შესაბამისი აღნიშვნა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ დარღვევა აღმოფხვრა.
ზუგდიდის #3-ე უბანზე ორმა ამომრჩეველმა, რომელიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო, ხმა საარჩევნო უბანზე მისცა.
საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა
მარნეულის #24 უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხეშად ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. არაერთი გაფრთხილების შემდეგ, კომისიამ აღნიშნული პირის უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ის არ დაემორჩილა, რის გამოც უბანზე გამოძახეს პოლიცია და პოლიციის ძალით გააძევეს უბნიდან.
საარჩევნო პროცესის შეფერხება
ზუგდიდის #78 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც საარჩევნო პროცესი ნახევარი საათით შეჩერებული იყო.
ბიულეტენის დაზიანება
ზუგდიდის #83 საარჩევნო უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი დახია და საარჩევნო უბნიდან გაიტაცა. კომისიამ დარღვევა ვერ აღმოფხვრა.
ამომრჩევლის სავარაუდო მობილიზება
ზუგდიდის #14 საარჩევნო უბანთან იდგა მიკროავტობუსი ე.წ. აფხაზეთის სანომრე ნიშნით. მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ამომრჩევლები.
არაუფლებამოსილი პირები უბანზე
ზუგდიდის #5 და #81 საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც არ იყვნენ უფლებამოსილები შესულიყვნენ უბანზე, ვინაიდან არ ჰქონდათ შესაბამისი აკრედიტაცია.
კენჭისყრის პროცედურული დარღვევები
მარნეულის #47 საარჩევნო უბანზე კომისიამ ამომრჩეველს, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული, ხმის მიცემის უფლება მისცა.
მარნეულის #9 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ოლქისთვის გადაცემის შესახებ.
ზუგდიდის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს არასწორად მოაწერინა სხვა ამომრჩევლის გრაფაში ხელი.
ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ხელმოწერების რაოდენობას ამომრჩეველთა სიაში.
ხულოს #1 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა 6-ით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას.
ხმის დათვლის პროცედურული დარღვევები
მარნეულის #41 უბაზე ხმის დათვილის პროცესში არ გამოაცხადეს კანდიდატის მიერ მიღებული ხმების შესახებ და გამოცხადების გარეშე ალაგებდნენ ბიულეტენებს.
აბასთუმნის #2 საუბნო კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთები გახსნეს ამომრჩეველთა სიების დალუქვისა და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტებად შეკვრამდე.
დარღვევები ოლქში მასალების გადაცემის პროცესში
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნების მიერ მასალების გადაცემა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო მასალები და დოკუმენტცია ერთ ტომარაში აქვთ დალუქული, ხოლო ოლქი ამ ტომრების ლუქს არ ხსნის და არ ამოწმებს წარმოდგენილ მასალებს.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
[checklist]
- მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით.
- მთაწმინდის ყველა (100%) საარჩევნო უბანზე, მარნეულის საარჩევნო უბნების 97.8%-ზე და ზუგდიდის საარჩევნო უბნების 99.1%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ.
- მთაწმინდისა და მარნეულის ყველა (100%) საარჩევნო უბანზე და ზუგდიდის საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით.
- მთაწმინდისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბანზე და მარნეულის საარჩევნო უბნების 96.6%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება.
- მთაწმინდის ყველა (100%) საარჩევნო უბანზე, მარნეულის საარჩევნო უბნების 94.4%-ზე და ზუგდიდის საარჩევნო უბნების 96.3%-ზე, ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო.[/checklist
„სამართლიანი არჩევნები“ ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს 20 მაისს.