ახალი ამბები

იდენტობა აცხადებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები პოლიციელზე ზეწოლას ახდენენ

10 ნოემბერი, 2014 • • 1449
იდენტობა აცხადებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები პოლიციელზე ზეწოლას ახდენენ

იდენტობას ცნობით, პაატა დობორჯგინიძე საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორია, რომელიც შეესწრო გათავისუფლებულ პოლიციელთა ჩხუბს სანაპიროზე, რის შემდეგაც პაატა დობორჯგინიძის მიმართ ხორციელდებოდა დევნა სხვადასხვა ფორმით.

 

იდენტობის იურისტებს პაატა დობორჯგინიძემ 2014 წლის 8 ნოემბერს მიმართა უფლებების დასაცავად. დობორჯგინიძე იდენტობას უცხადებს, რომ მის მეგობარ ქალს პოლიციამ იძულებით დააწერინა საჩივარი, რომლის საფუძველზეც 5 ნოემბერს პოლიციელი ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს ისე, რომ მას ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი.

 

ორგანიზაციის ცნობით, დობორჯგინიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იგი ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც გამოძახებისთანავე გამოცხადდა პროკურატურასთან. 

 

7 ნოემბერს, 19.30 წუთზე პ. დობორჯგინიძე გამოცხადდა სამსახურში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უნდა შესდგომოდა 21.00 სთ-ზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ განაწესის ფურცელში პ.დობორჯგინიძეს წინასწარ გამოუცხადეს სასტიკი საყვედური თითქოსდა გამოუცხადებლობის გამო, აცხადებს “იდენტობა” დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, პაატა დობორჯგინიძემ დაწერა პატაკი, სადაც აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედება, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და იძულებულია დატოვოს თანამდებობა, თუმცა პატაკი არ ჩაიბარა არც ოცეულის მეთაურმა სოსო მუმლაძემ, არც ასეულის მეთაურმა შალვა ჯერენაშვილმა და არც სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ.

 

შსს
შსს

“[ისინი] მოითხოვდნენ შეეცვალა პატაკის შინაარსი. უფრო მეტიც, ლაშა ჯოხაძემ გასცა ბრძანება და პ. დობორჯგინიძეს უკანონოდ ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და პ. დობორჯგინიძეს განუცხადა, რომ ის აქ ვერ იმუშავებდა”, -წერია განცხადებაში.

 

იდენტობას ცნობით, ორგანიზაციამ შსს-ს გენერალურ ინსპექცის მიმართა 8 ნოემბერს, რის შემდეგაც, 10 ნოემბერს, დაახლოებით 10.45 წუთზე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ დაურეკა პაატა დობორჯგინიძეს და სთხოვა კვლავ დაბრუნდეს სამსახურში, დაიბრუნოს პირადობის მოწმობა და გააგრძელოს სამსახური.

 

იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაცია პოლიციელის უფლებებს იცავს და დააკვირდება მოვლენების განვითარებას. ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელიც ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

ყოფილი პოლიციელების ჩუხუბის კადრები “ტაბულამ” 2014 წლის 18 ივნის გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებენ ჩხუბის დროს შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები.

 

“ტაბულას” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობდნენ პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე – შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი