ახალი ამბები

ხვალიდან იწყება ქმედება, დალოდების საშულება არ გვაქვს – სააკაშვილი

20 მაისი, 2019 •
ხვალიდან იწყება ქმედება, დალოდების საშულება არ გვაქვს – სააკაშვილი

“ფარსი” – ასე აფასებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 მაისს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა “ჯიბეში ჩაიდო და გააუქმა”. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის “არაფორმალური მმართველობის პირობებში საქართველოში სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება”.

ექსპრეზიდენტის თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქვს, როდესაც მისი განმარტებით, გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება მოპარეს, თუმცა მან მაინც დაუჭირა მხარი მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, კენჭი ეყარა ზუგდიდის მერის არჩევნებში 2019 წელს, რადგან დაინახა, რომ რულოვსი მოტივირებული იყო და ბრძოლაში ბევრი ადამიანი ჩაერთო.

“შეუძლებელია არაფორმლაური მმართველობის პირობებში სამართლიანი არჩევნები. ჯერ შორდება  ივანიშვილი და მერეა არჩევნები”.

სააკაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს სანდრა რულოვსის ინიციატივას საპროტესტო მოძრაობის დაყწების თაობაზე. ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში დამარცხებას არ აღიარებს, ქვეყნის მასშტაბით „მიიღებს პროტესტს“ და თვითონაც მთელ ქვეყანას შემოივლის, „როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა“.

“მე მთლიანად მხარს ვუჭერ და ვუერთდები სანდრას მოწოდებას. სხვა რაღაც გვჭირდება, ეს აღარ არის 2018 წლის ნოემბერი, როცა ცოტა ვიბუზღუნეთ და დავიშალეთ. ბრძოლა გამარჯვებამდე”, – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას მშვიდობიანი ფართო მოძრაობის ტალღა, “რომელიც წალეკავს ივანიშვილს”.

“ხვალიდან იწყება ქმედება, დალოდების საშულება არ გვაქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე

მელია: არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები, არ იწყება ეს „რევოლუცია“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი