ახალი ამბები

ბოკუჩავას საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა – ცესკო

19 მაისი, 2019 •
ბოკუჩავას საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა – ცესკო

ცესკოში აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს თინა ბოკუჩავას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, რომ ბოკუჩავა პატიის მიერ დანიშნული წარმომადგენელია ცესკოში.

“კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლობის უფლების განხორცილებას. თინა ბოკუჩავა რეგისტრირებულია როგორც წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ის თავის დამნიშნავ სუბიექტს წარმოადგენს ცესკოსთან ურთიერთობაში და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი იმყოფებოდეს საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა და ამის გამო მოუხდა მას უბნის დატოვება,”-ამბობს ანა მიქელაძე.

პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

საუბნო კომისიის წევრების თანახმად, ბოკუჩავას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა და ისე სურდა, დასწრებოდა ხმის დათვლის პროცესს.

ბოკუჩავას თქმით, მას სრული უფლება ჰქონდა, მართვის მოწმობით შესულიყო საარჩევნო უბანზე და პოლიციელებმა დაარღვიეს კანონი, როცა ამის საშუალება არ მისცეს.

„მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე“, ციტირებს IPN-ი ბოკუჩავას. მისი თქმით, მას თან ჰქონდა მართვის მოწმობაც. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ირინე კარტოზიამ კი განაცხადა, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

ბოკუჩავას თქმით, მას სავარაუდოდ დაზიანებები აქვს მიყენებული. დეპუტატი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი