შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანახმად, შესაძლოა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ემა გოგოხიას ქმედებებს „სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს“.
გახარიამ, რომელიც ზუგდიდის გზაზე, სენაკში იმყოფებოდა, რუსთავ ი2-ის ჟურნალისტს უთხრა: „იმას, რაც თქვენ გააკეთეთ, — როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფაქტობრივად, თავს დაესხით პოლიციელებს, ისინი კი მოთმინებით გიყურებდნენ, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, შეიძლება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს“.
რუსთავი 2-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არხის ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც ამბობს, რომ მანქანის უკანა ადგილებზე მსხდომი პოლიციელები სამაგიდო სიებს მალავენ, მანქანაში კი ხელკეტები და ცრემლსადენი გაზის ბალონები აქვთ, პოლიციის მანქანის კარს აღებს.
—„გაუშვი, დაანებე მანქანას თავი“, — ეუბნება გოგოხიას პოლიციელი.
—„რატო ზიხართ აქ? ვისი დავალებით ხართ მანქანაში?“, — ეკითხება გოგოხია უკანა სავარძლებზე მსხდომ პოლიციელებს, რომლებიც პასუხობენ, რომ უფროსს გაესაუბროს.
—„გადაგვაღებინეთ“, — ამბობს გოგოხია.
—„ჩემს მანქანას თავი დაანებეთ“, — პასუხობს პოლიციელი.
კადრებში ჩანს, რომ იქვე იმყოფებოდა iTV-ის ჟურნალისტი და „პრესა.ჯის“ რედაქტორი გიორგი კაპანაძე. კაპანაძე ამ მომენტიდან ცოტა ხანში დააკავეს, თუმცა სხვა, ოღონდ მსგავს ვითარებაში.
სენაკში რუსთავი 2-ის სხვა ჟურნალისტის კითხვაზე, „გადავიღეთ მანქანები, სადაც იყო ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, ფარები; რისთვის იყო ეს საჭირო და რატომ ხდებოდა ამდენი ძალის კონცენტრირება“, გახარიამ უპასუხა:
„ჯერ ეს ერთი, ეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი არ ყოფილა. ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობა, რომლის ძირითადი მიზანი არის მართვა და მართლწესრიგი. ეს მათი აღჭურვილობაა. ისინი, სადაც უნდა გადაადგილდებოდნენ, მშვიდობიან პირობებში, როდესაც არ არის დიდი ემოციები და ამდენი ხალხის დიდი კონცენტრირება ერთ პატარა ქალაქში არჩევნების დროს, ასე მოძრაობს ეს ხალხი. ეს მათი უფლებამოსილებაა“.
კითხვაზე, რატომ არის პოლიციის მობილიზება საჭირო, გახარიამ უპასუხა: „იმიტომ, რომ ზოგიერთი პარტიის ზოგიერთი ლიდერი შორიდან იმუქრება. ძალიან შორიდან… ჩვენ გვაშინებს და გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების, ზუგდიდელების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა“.