ახალი ამბები

კაცი, რომელსაც წითლიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, პოლიციიდან გამოვიდა

19 მაისი, 2019 •
კაცი, რომელსაც წითლიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, პოლიციიდან გამოვიდა

ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა კვეკვესკვირი გაათავისუფლეს. მან ახლახან დატოვა ზუგდიდის პოლიციის შენობა.

კობა კვეკვესკვირს ბრალი ზუგდიდის 87-ე უბნის კომისიის წევრმა, ანა წითლიძემ დასდო ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ის კომისიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. კობა კვეკვესკვირი კი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

„მეორედ რომ მოვალ, მაშინ გავაკეთებ კომენტარს, ახლა ვერაფერს გეტყვით, გამომიშვეს… ჯერ თვითონ მომაყენა შეურაცხყოფა“, — გვითხრა კობა კვეკვესკვირმა პოლიციის შენობის დატოვების დროს.

ეს შემთხვევა სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

დღეს ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ აზუსტებენ, ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. უწყებაში ასევე ვერ გვითხრეს, რა მუხლით იყო დაკავებული კობა კვეკვესკვირი.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას, თანახმად, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაყვანილია არასრულწლივანიც — 17 წლის ბიჭი.

პოლიციაში ადამიანები მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მე-9 უბანთან მყოფ გიორგი რურუას, რომელიც თავს ერთ-ერთი მედია-პორტალის წარმომადგენლად წარადგენს, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რურუა აცხადებს, რომ უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთათვის ფულის გადაცემის ფაქტები ასახა, რასაც დაპირისპირება და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა.

ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თინა ბოკუჩავაც იმყოფებოდა, რომელმაც მომხდარში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი