ახალი ამბები

დაპირისპირება ზუგდიდის 21-ე და 87-ე უბნებზე სამაგიდო სიების გამო

19 მაისი, 2019 •
დაპირისპირება ზუგდიდის 21-ე და 87-ე უბნებზე სამაგიდო სიების გამო

ზუგდიდის 21-ე და 87-ე საარჩევნო უბნებზე ხმაური იყო. ეს ორი უბანი ერთი შენობის ორ სხვადასხვა მხარესაა გახსნილი.

ორგანიზაცია „ახალი თაობის“ დამკვირვებელმა, რუსუდან მჭედლიძემ საარჩევნო კომისია სამაგიდო სიის გარეთ გატანაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ “ოცნების” კოორდინატორი კობა კვეკვესკირი ფიზიკურად შეეხო.

მანამდე მოვლენები ასე განვითარდა: მჭედლიძის მტკიცებით, უბნის ეზოში მოქალაქე მზია გაბეჩავა ამომრჩევლებს ტელეფონით უკავშირდებოდა და “ოცნების” მხარდასაჭერად უბანზე მისვლისკენ უბიძგებდა.

“არსებობს ვიდეომასალა, რაც ამას დაადასტურებს, ეს მასალა ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე გასაჯაროვდება“, — ამბობს რუსუდან მჭედლიძე.

საარჩევნო უბნის ეზოში მზია გაბეჩავამ გვითხრა, რომ მას არავითარი სიები არ ჰქონია. მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გეგა შენგელაიას მხარდამჭერია.

მოგვიანებით, მზია გაბეჩავა და რუსუდან მჭედლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ხმამაღალი შეძახილებით შემოვიდა სხვა პირიც, რომელიც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან მიიჭრა და ნიკა გვარამიას შეაგინა.

სამაგიდო სიის უცხო პირის ხელში მოხვედრას გამორიცხავს ჟანა ყურუა, 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე. “ოლქმა რა სიაც მომცა, ის კომისიას აქვს… არც ქსეროქსი გადაუღია ვინმეს,”- ამბობს ჟანა ყურუა.

87-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ უსაფრთხოების მიზნით დაცვის პოლიცია უკვე გამოიძახა. იგი ამბობს, რომ პოლიცია მის უბანს შემაჯამებელი ოქმის გაფორმებამდე დარჩება.

სამაგიდო სიების გარეთ გატანას ასევე გამორიცხავს 21-ე საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელი.

ამავე უბნების ეზოში დღეს გამოჩნდა ადამიანი “ქართული ოცნების” სარეკლამო მაისურით. კომისიის თავმჯდომარეებმა გვითხრეს, რომ უბანზე სარეკლამო მაისურით არავინ შესულა და ეზოების კონტროლი მათ არ ევალებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი