ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცული მუშების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – პროფკავშირი

17 მაისი, 2019 • 1225
ჭიათურაში გაფიცული მუშების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – პროფკავშირი

ჭიათურაში გაფიცული მუშების ნაწილმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ადგილობრივი პროფკავშირის წევრმა პაატა სამხარაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაფიცულია 15 მუშა, ვისაც კომპანიამ ხელფასის გარკვეული ოდენობით მატება შესთავაზა, თუმცა მათთვის ეს საკმარისი არ იყო. სამხარაძის თქმით, სწორედ ამას აპროტესტებენ მუშები.

დღეს, 17 მაისს, ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის გაფიცულ მუშებსა და კომპანიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შეხვდნენ.

კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ კომპანიისგან ყველა დაპირების შესრულების პირობა მიიღეს. მუშები კი ხელფასის ზრდას და სამუშაო პირობების, მათ შორის, კვებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის, გაუმჯობესებას ითხოვნდნენ.

ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინანტში დასაქმებულთა 16 მაისს გაიფიცა. როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივ პროფკავშირში უთხრეს, გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ. პროფკავშირის ინფორმაციით, ისინი ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პროფკავშირის ინფორმაციით, გუშინ მაღაროელები კომბინატის ადმინისტრაციას შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გაფიცვა გააგრძელეს:

“გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ეგრეთ წოდებულ ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა, დღეს დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხის საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან, ბატონ აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება”, – აცხადებენ პროფკავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი