ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა და ნორლანდმა ნატოს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

7 ნოემბერი, 2014
თავდაცვის მინისტრმა და ნორლანდმა ნატოს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი იმყოფებოდნენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია.

 

„ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება. კიდევ უფრო მოიმატებს ინტენსივობა, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მე ელჩს ვესაუბრე. მისი მხრიდანაც გამოითქვა შესაბამისი მზადყოფნა. ასე რომ, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ინიციატივები წარმოვადგინოთ პარტნიორების წინაშე“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

თავდაცვის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება:

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს თავდაცვის უწყებაში მომიწვია. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება და მომავალშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”.

 

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. 07.11.2014
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. 07.11.2014

მინდია ჯანელიძე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე 5 ნოემბერს წარადგინა. ჯანელიძის წარდგენას წინ უძღვოდა ყოფილი მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნა 4 ნოემბერს. ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებამ კორუფციული გარიგების ბრალდებით.

 

მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე. საბჭო საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა და საფრთხეების შემცირებისა და ნეიტრალიზების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს უმზადებს საქართველოს მთავრობას.

 

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო – მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი