თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან სამებამდე “ოჯახის სიწმინდის დღის” მსვლელობას, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოა, ბაიკერები უერთდებიან.
მსვლელობა 17:00 საათზე უნდა დაიწყოს რესპუბლიკის მოედნიდან სამებამდე, სადაც ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.
მსვლელობაში რამდენიმე მოტოკლუბის წევრი ბაიკერები მონაწილეობენ.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.
ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.
მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა გაღწევა.