საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2017 წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. საქსტატი ამბობს, რომ 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.
საქსტატი თავის კვლევაში ამბობს, რომ 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, საქსტატის გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.
საქსტატი ამბობს, რომ 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.
რაც შეეხება გენდერულ სხვაობას, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ქალებში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის მიხედვით, უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით, უფრო დაბალია. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო აჭარის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად, 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით.