თინა ხიდაშელის თქმით, რესპუბლიკელებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კოალიცია “ქართული ოცნების” მართვის მოდელი უნდა გახდეს დემოკრატიული. ხიდაშელის თქმით, კოალიციაში ამ დოკუმენტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს.
“კოალიციაში პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს. ჩვენ ვამბობთ, რესპუბლიკელები, რომ კოალიციის მმართველობა უნდა გახდეს დემოკრატიული, იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ქვეყანა მომავალში მსგავსი ტიპის კრიზისებისგან”, – ამბობს პარლამენტარი.
თინა ხიდაშელის თქმით, რესპუბლიკელებმა დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებამდე სამი კვირით ადრე გაუგზავნეს კოალიციის პოლიტსაბჭოს. მისი განმარტებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, კოალიციის მართვა დემოკრატიულად და “ფართომასშტაბიანი პასუხისმგებლობით” იქნება შესაძლებელი. პარლამენტარი ამბობს, რომ ასეთი მოდელით კოალიციაში პასუხისმგებლობა გადანაწილდება.
“ამ ამბებამდე კარგა ხნით ადრე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი განაცხადი, რომელსაც ასე ქვია – “რესპუბლიკური პარტიის შემდეგი ორი წლის დღის წესრიგი”, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათლად ჩანს და აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნისთვის. მაქვს დიდი იმედი, რომ ეს გადაწყვეტილებები კოალიციაში იქნება მიღებული, იმისთვის, რომ ქვეყანა, გაცილებით უფრო თამამად, უფრო დემოკრატიულად და ფართომასშტაბიანი პასუხისმგებლობით ვმართოთ ყველამ ერთად”, – განაცხადა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, დოკუმენტი დაახლოებით 20-გვერდიანია. მასში აღწერილია ყველა პრინციპი და ღირებულება, რომელიც კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტშია მოცემული.

