ახალი ამბებისაზოგადოება

სახელმწიფოს დახარჯული 212 მილიონი შშმ პირთა ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა – კვლევა

17 მაისი, 2019 •
სახელმწიფოს დახარჯული 212 მილიონი შშმ პირთა ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა – კვლევა

სახელმწიფოს მიერ დახარჯული სახსრები შშმ პირთა რეალური ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა – ეს გამოიკვეთა ბიუჯეტის კვლევის ანგარიშში, რომელიც დღეს ევროპის ფონდმა წარმოადგინა.

ანგარიში ფონდის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალექს კოტემ მოამზადა ექსპერტ მიხეილ კუკავასთან ერთად. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს საქართველოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებაში.

დოკუმენტში გამოწვევად მიჩნეულია ორი პრობლემა:

  • ბიუჯეტირების პრაქტიკა არ ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას;
  • ბიუჯეტირების პროცესში  საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართული.

ანგარიშის მიხედვით, ეროვნულ დონეზე სსო ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირებაში არ არის სწორად რეგულირებული და კომპეტენტურ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებაში. შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ პასუხობს ამა თუ იმ თემის რეალურ საჭიროებებს.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 212 მილიონ ლარს ხარჯავს შშმ პირთა საჭიროებებზე, ეს თანხა ხმარდება ძირითადად სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პროგრამების შემუშავება/დაფინანსებაზე, რის გამოც ვერ ხდება შშმ პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.

კვლევაში მითითებულია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი და გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინკლუზიის გაუმჯობესების კუთხით.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 324,000 შშმ პირია აღრიცხული (მოსახლეობის 8%). მათგან 123,957 ადამიანი სარგებლობს უნარშეზღუდულის სტატუსით და სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. შშმ პირთა საჭიროებებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის 2018 წლის ხარჯების 93%-ს შეადგენს სოციალური შემწეობები და მხოლოდ 7% იხარჯება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამებზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის რეკომენდაციაა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფომ, გაეროს შშმ პირთა კონვენციაზე დაყრდნობით, იხელმძღვანელოს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პრინციპით, ასევე, უზრულველყოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში, ხოლო, მეორე მხრივ, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა შეძლონ არსებული ბიუჯეტის ანალიზი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების ადვოკატირება.

ევროპის ფონდი თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე 2014 წლიდან მუშაობს. ანგარიში ემსახურება საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით.

როგორც ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე აცხადებს, მათი მიზანია საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი კომპეტენცია შეიძინონ საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის მექანიზმების შესახებ და მომავალში თავად გაწიონ ადვოკატირება ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის, რათა ქვეყნის ბიუჯეტმა რეალურად ასახოს მათი საჭიროებები, ინტერესები და უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი