პროკურატურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს.
“აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა გამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს.
ამავდროულად, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც, როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.
ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვინით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელები საქმის გამო დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი. პროკურატურის საგამოძიებო ქმედებები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, რის შემდეგაც იგი მინისტრობიდან დაითხოვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის საპასუხოდან თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. ასევე, კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციამ.