მოძრაობა Nida-ს აქტივისტებმა, გიას იბრაგიმოვმა და ბაირამ მამედოვმა მათთვის სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმა ბანკში ყველაზე წვრილი ხურდა ფულით გადაიხადეს.
რამდენიმე თვის წინ ალიევის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა, გიას იბრაგიმოვმა და ბაირამ მამედოვმა რამდენიმე დღის წინ პრობაციის უწყებიდან წერილი მიიღეს, სადაც წლების წინ მათი დაკავების დროს საჭირო ექსპერტიზის თანხის [73 აზერბაიჯანული მანათი-43 აშშ დოლარი] ანაზღაურებას ითხოვდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ორივე ბრალდებული სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევდა და დღესაც ასე მიიჩნევს, ექსპერტიზის ხარჯების გადახდა მაინც გადაწყვიტეს და ეს პროცესი საზოგადოებრივ აქციად, სახელწოდებით “ხუთკაპიკიანი სახელმწიფო” აქციეს.
“12 მაისს ფეისბუკით მოვუწოდე მოქალაქეებს, ჩვენი მხარდაჭერა 5-კაპიკიანი და უფრო ნაკლები ნომინალის ხურდის შემოწირვით გამოეხატათ. მიზანი იყო სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებისა და სახელმწიფოს მეწვრილმანეობის მიმართ ყურადღების მიქცევა. საბოლოოდ, 5 მანათით მეტის შეგროვება მოხერხდა [3 აშშ დოლარი] და ამ ფულს ახალი უკანონო ჯარიმებისთვის გადავინახავთ”, – ამბობს იბრაგიმოვი.
ბანკში აქტივისტებთან ერთად მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2019 წლის 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მაშინ შეწყალება შეეხო ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს აქტივისტებს, ილკინ რუსტამზადეს, ელგიზ გახრამანს, ბაირამ მამედოვსა და გიას იბრაჰიმოვს. ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი კი 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ძეგლზე ლოზუნგების დაწერის გამო 10-10 წლით დააპატიმრეს.