ახალი ამბებისამართალი

ჭავჭავაძეზე აქციისას დაკავებული ვახუშტი მენაბდე და 5 პირი 1500-1500 ლარით დააჯარიმეს

15 მაისი, 2019 •
ჭავჭავაძეზე აქციისას დაკავებული ვახუშტი მენაბდე და 5 პირი 1500-1500 ლარით დააჯარიმეს

ვახუშტი მენაბდე და კიდევ 5 პირი, რომლებიც სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, პირველ აპრილს გამართულ აქციაზე დააკავეს, სასამართლომ 1500-1500 ლარით დააჯარიმა. აქციის მიზანი ჭავჭავაძის N5-ში მშენებლობაზე მუშების დაღუპვის გაპროტესტება იყო.

პოლიციამ აქციის 6 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა [წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა].

მენაბდე წერს, რომ სასამართლომ ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის დააკისრა, თუმცა სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ვერ დადასტურდა.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება პირველ აპრილს მოხდა. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის წინ იყვნენ შეკრებილნი, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევდნენ.

მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტები დააკავა, დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან მივიდნენ.

ექვსივე დაკავებული, მათ შორის, ვახუშტი მენაბდე პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.

ვრცლად ამ თემაზე:

მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი