ახალი ამბები

ოცნების მხარდამჭერი სტატია “ინსტიქტურად გავაზიარე” – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

15 მაისი, 2019 • 1382
ოცნების მხარდამჭერი სტატია “ინსტიქტურად გავაზიარე” – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზუგდიდის მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის მხარდასაჭერი სტატია “ფეისბუკზე” “ინსტინქტურად გააზიარა”.

აღნიშნულ საკითხზე საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას ხედავს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ერთიანი ნაციონაური მოძრაობიდან”.

საჩივრით კომისიას სწორედ ენმ-ის წარმომადგენელმა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინეზა მურღულიამ “ოცნების” კანდიდატის მხარდასაჭერი სტატიის გაზიარებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა ეკრძალება.

განმარტებით წერილში მურღულია წერს, რომ აღნიშნული სტატია მის პირად საკუთრებაში არსებული კომპიუტერიდან ინსტინქტურად გააზიარა და დროის სიმწირის გამო შინაარსს არც გასცნობია.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კომისიის წევრს მართლაც ეკრძალება აგიტაციაში ჩართვა, თუმცა, რაც შეეხება სოციალური მედიის გამოყენებას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ აკრძალულია შესაბამისი საბიუჯეტო დაწესებულების ოფიციალური გვერდებისა ან ადმინისტრაციული სახსრების გამოყენება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა:

“ამასთან, საარაჩევნო კომისიის წევრის აგიტაციაში მონაწილეობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მისაჩნევად საჭიროა განხორციელებული იყოს კონკრეტული, მკაფიო და რეალურად ჩადენილი იმდაგვარი საქციელი, რომელიც ჯდება აგიტაციის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი განმარტების ფარგლებში.

მოქალაქის მიერ პირად სოციალურ გვერდზე გამოხატული აზრი/ქმედება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სიკეთეს, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ შეიძლება იქნას განხილული სოციალური ქსელის პირად გვერდზე მოქალაქის მიერ გამოთქმული აზრი/ქმედება, თუ მას რაიმე კონკრეტული კანონდარღვევა არ მოჰყოლია” ,- ვკითხულობთ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საპასუხო წერილში, სადაც განმარტებულია, რომ მურღულიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი