ახალი ამბები

დავით ჯალაღანიასა და თამარ ბერუჩაშვილს თანამდებობები არ დაუტოვებიათ

6 ნოემბერი, 2014 •
დავით ჯალაღანიასა და თამარ ბერუჩაშვილს თანამდებობები არ დაუტოვებიათ

მარი ნარჩემაშვილს ჯერჯერობით არ უსაუბრია ფანჯიკიძის კიდევ ერთ მოადგილე ლევან გურგენიძესთან, რომელმაც გუშინ, 5 ნოემბერს ფანჯიკიძესთან ერთად გამართა საგანგებო ბრიფინგი და საზოგადოებას პოსტიდან გადადგომა ამცნო. თუმცა პოსტს, სავარაუდოდ, ისიც ინარჩუნებს, რადგან ამის შესახებ განცხადება დღეს პრმეიერმა გააკეთა:

“მე გუშინ შევიტყვე და დღეს დამიდასტურეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან ადგილებზე. მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერმა.


თამარ ბერუჩაშვილიც და დავით ჯალაღანიაც აცხადებენ, რომ მათ გადაწყვეტილება პრემიერთან საუბრის შემდეგ შეცვალეს:


“გუშინ მქონდა პირადი, დეტალური საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ვრჩები ჩემს თანამდებობაზე. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი. ჩემი ვალდებულებაა, ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია მაქსიმალურად მოვახმარო ამ პროცესს”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“პრემიერისგან მე მივიღე დავალება, რომ სისტემა, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებდეს და ის ამოცანები და დავალებები შესრულდეს, მე გავაგრძელო საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ არ გავითვალისწინო ჩვენი სისტემის და საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანები და საჭიროებები”,- განაცხადა დავით ჯალაღანიამ “მაესტროსთან”საუბრისას

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა- თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ზალკალიანმა, დავით ჯალაღანიამ და ლევან გურგენიძემ გუშინ, 5 ნოემბერს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თანამდებობები დატოვეს.

 

“მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ბატონი დავით ზალკალიანი, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, ბატონი ლევან გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება ბატონი დავით ჯალაღანია, რომელიც იმყოფება კუბაში ოფიციალური ვიზიტით, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები, ვტოვებთ კოალიცია ქართული ოცნების რიგებს”, – აცხადებდა ფანჯიკიძე გუშინ.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით დარჩებიან პოსტზე დავით ჯალაღანია და თამარ ბერუჩაშვილი. საგარეო უწყების პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხს გაარკვევს.


ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები
ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები

მასალების გადაბეჭდვის წესი