ახალი ამბები

ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქმარი დააკავეს, დედამთილს ბრალი წარუდგინეს

15 მაისი, 2019 • 822
ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქმარი დააკავეს, დედამთილს ბრალი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 44 წლამდე კაცი ოჯახში ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარუდგინეს.

უფრო ზუსტად, ქმრის ბრალდების ფორმულირებაა „მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა“. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ვერსიით, დაკავებულმა 2019 წლის 9 მაისს მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ლახავდა მეუღლის პატივსა და ღირსებას, რის გამოც ქალმა თვითმკვლელობა სცადა. პოლიციის ცნობით, ცოლს საავადმყოფოში უმკურნალეს და მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება.

„სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, — აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი