აზერბაიჯანში ახალგაზრდული მოძრაობა Nida-ს აქტივისტები, გიას იბრაჰიმოვი და ბაირამ მამედოვი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
აქტივისტებისთვის ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ციხიდან გათავისუფლებულებმა ბაქოს უნივერსიტეტს სწავლის გაგრძელების მიზნით მიმართეს.
როგორც გამოცემა კავკაზსკი უზელი წერს, ბაირამ მამედოვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ უკვე გარიცხულია.
“როდესაც დამაკავეს, მეოთხე კურსზე ვსწავლობდი მთარგმნელობით ფაკულტეტზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ უნივერსიტეტში მივედი და აღდგენის მიზნით მივმართე. მათ უფლება მომცეს გამოცდები ჩამებარებინა, თუმცა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე 2016 წელს, დაკავებისთანავე გამორიცხული ვარ”.
აქტივისტი დარწმუნებულია, რომ სწავლის გაგრძელების უფლებას პოლიტიკური მოტივებით არ აძლევენ.
მსგავს მდგომარეობაშია ამავე მოძრაობის სხვა წევრი გიას იბრაჰიმოვი, რომელიც დაპატიმრებამდე ჟურნალისტიკის ფაკულეტზე სწავლობდა. აპრილში მას ასევე შეატყობინეს, რომ 2016 წელს, დაპატიმრების შემდეგ გარიცხეს. ოფიციალური მიმართვის შემდეგ აღგენის შესახებ კი პასუხი ჯერ არ მიუღია.
აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ადამიანის პატიმრობა არ არის საფუძველი იმისა, რომ ის უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხონ. შესაბამისად, მათ უმაღლეს სასწავლებლებთან სამართლებრივი დავა შეუძლიათ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2019 წლის 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მაშინ შეწყალება შეეხო ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს აქტივისტებს, ილკინ რუსტამზადეს, ელგიზ გახრამანს, ბაირამ მამედოვსა და გიას იბრაჰიმოვს. ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი კი 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ძეგლზე ლოზუნგების დაწერის გამო 10-10 წლით დააპატიმრეს.