“ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” არ არის ჩვენთვის ხმები. ჩვენ მათ არ ვითვლით, როგორც უმრავლესობაში შემავალ ხმებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც პიროვნულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია. “თავისფალ დემოკრატებს” შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ პიროვნულ განწყობაზე მაღლა დავაყენოთ სახელმწიფოებრივი ინტერესი”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე ის აპირებს შეხვდეს მთავარ პროკურორს და ესაუბროს ამ საქმეებთან დაკავშირებით.
“ამავე დროს, პროკურორს უნდა ვაცადოთ საქმის გამოძიება და დაველოდოთ, თუ რა სურათი შექმნება”.
ბესელიამ უარყოფითად შეაფასა ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე:
“არ მიმაჩნია მართებულად, რომ ძალოვანი უწყების პირველი პირი კონფრონტაციაში შედიოდეს მეორესთან. ეს არის ჩემთვის გაუგებარი და დაუშვებელი რამ. ჩემთვის ძალიან უხერხულია განცხადება, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, რომლის უკანაც დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალები და ამ ფონზე ის აკეთებს განცხადებას, ძალიან კონფრონტაციულ და პოლიტიკურ კონტექსტზე აკეთებს აქცენტებს. ბუნებრივია, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრს სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ დარჩებოდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა ირაკლი ალასანია. ხოლო დღეს კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, ასევე, თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა შედგება 83 დეპუტატისგან, ხოლო “თავისუფალი დემოკრატების” 10 წევრის გამოკლებით, პარლამენტში უმრავლესობა იშლება.





