ახალი ამბები

თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძე იურკი კოსკელომ შეცვალა

14 მაისი, 2019 •
თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძე იურკი კოსკელომ შეცვალა

თიბისი ბანკის ინფორმაციით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა. მათივე ცნობით, კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა და ეფაი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

“იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს – გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს – ვიცეპრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის  კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა,”-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება განათლებას, როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე, მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში.

საჯარო რეესტრში ჯერ არ არის ასახული სამეთვალყურეო საბჭოში განხორციელებული ეს ცვლილება.

კოსკელომ მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც სამეთვალყურეო საბჭო ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. 14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი