ახალი ამბები

კოალიცია კობახიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევისკენ მოუწოდებს

14 მაისი, 2019 • 1211
კოალიცია კობახიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევისკენ მოუწოდებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრისთვის, ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, ხარებვა თანამდებობაზე კანონის დარღვევით აირჩიეს:

“კოალიციამ შეისწავლა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ზაზა ხარებავა თანამდებობაზე აირჩიეს, და მიაჩნია, რომ ის თანამდებობაზე კანონის დარღვევით იქნა განწესებული. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, პარლამენტმა იმსჯელოს და პარლამენტის რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტოს ზაზა ხარებავას” ,- ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც კოალიციამ ირაკლი კობახიძეს დღეს, 14 მაისს მიმართა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ზაზა ხარებავა წარადგინეს,  პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციით, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

კოალიციაში აცხადებენ, რომ მსგავს მოთხოვნას ითვალისწინებს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტიც. შესაბამისად, კოალიციაში აცხადებენ, რომ ამ ნორმების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც საბჭოს წევრობის კანდიდატს წარადგენს, საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რაც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევას გულისხმობს (სასამართლო დავებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება).

თუმცა 2017 წლის 2 ივნისს ზაზა ხარებავა პარლამენტს წარუდგინა ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა”:

“ორგანიზაციამ, იმის დასადასტურებლად, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 წლის მანძილზე მისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა, გარკვეული დოკუმენტაცია წარადგინა. ყველა წარდგენილ დოკუმენტშ, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” დავის მხარეს თავად წარმოადგენს და ორგანიზაცია არცერთ მითითებულ საქმეში სხვა პირის ინტერესებს არ იცავს.

დოკუმენტების წარდგენის მომენტში ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, კერძოდ, არ დასტურდებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია არ იყო უფლებამოსილი, წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატი, ხოლო პარლამენტის მიერ არაუფლებამოსილი ორგანიზაციის წარდგენილი კანდიდატის საბჭოს წევრად არჩევა პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცალსახა დარღვევაა”, – ვკითხულობთ კოალიციის მიერ მომზადებულ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი არის „წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით”:

“გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე პარლამენტის რეგლამენტის (ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის მოქმედი რედაქციის) 219-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოგმართავთ განცხადებით, იმსაჯელოთ და რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტოთ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას”, – აცხადებენ კოალიციაში.

თავდაპირველად ინფორმცია იმის შესახებ, რომ ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, შესაძლოა, კანონდარღვევით გახდა, “სტუდია მონიტორმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი