ახალი ამბები

ონოფრიშვილი: დაიშლება თუ არა კოალიცია, კომენტარს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავაკეთებთ

5 ნოემბერი, 2014 •
ონოფრიშვილი: დაიშლება თუ არა კოალიცია, კომენტარს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავაკეთებთ

“სავარაუდოდ ჩვენ დავესწრებით პოლიტსაბჭოს სხდომას, კონკრეტული გადაწყვეტილება 2-3 საათის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით განწყობა ისეთია, რომ მივალთ. დაიშლება თუ არა და როგორი კონფიგურაცია ექნება კოალიციას, ამ საკითხზე კომენტარს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავაკეთებთ”,- განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, რომელიც პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრია. 

 

კითხვას, დარჩება თუ არა იგი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ონოფრიშვილი ჯერ ვერ პასუხობს. 

 

“დაველოდოთ კოალიციის შეკრებას. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე საქმეს კარგად ვუძღვებოდი, თუმცა ეს გადასაწყვეტი საკითხი იქნება და სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული, საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნის და გადაყენების საკითხს. 

 

რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტს, დაუჭერენ თუ არა მხარს “თავისუფალი დემოკრაატები”, ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ასეთ დეტალებზე ჯერ არ უმსჯელიათ და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პროცესები მომავალ დღეებში. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დღეს თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა ოთხმა მოადგილემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი