უფლებადამცველთა აზრით, რატომ არის სასარგებლო პატიმრებისთვის ტატუს მოცილების პროგრამა

იუსტიციის სამინისტრო 60 პატიმრებისთვის სვირინგის მოცილებაში 2019 წელს 48 ათას ლარს დახარჯავს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში ხელშეწყობა და მათი “დამღისგან” გათავისუფლებაა. სამინისტროს ამ იდეას დღეს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, პატიმართა საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ პროგრამის მიზნებში პრობლემას ვერ ხედავენ და მათთვის გაუგებარია საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი.

“ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ცირა ჭანტურია ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროგრამით უკვე 100-ზე მეტმა მსჯავრდებულმა ისარგებლა 2013 წლიდან.

“ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი, რომელიც რამდენიმე წელია, ხორციელდება და დღეს რატომ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა, გაუგებარია. ამ სვირინგებს არ აქვს დეკორატიული დანიშნულება. მათ გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ. კრიმინალურ სუბკულტურებში გარკვეული სვირინგები არსებობს, რომელსაც თავისი მნიშვნელობა აქვს და რაღაცას აღნიშნავს. სწორედ ასეთ სვირინგებზეა საუბარი. თუ მსჯავრდებული შეიცვლის შეხედულებებს და ციხის შემდეგ გადაწყვეტს სხვაგვარ ცხოვრებას, სწორედ მათთვის არის ეს პროგრამა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ”, – ამბობს ცირა ჭანტურია.

მისივე თქმით, ასეთი სვირინგი არის ერთგვარი დამღა, რომელიც ადამიანის კრიმინალურ წარსულს ადასტურებს. სვირინგის მოცილების პროგრამას კი ძირითადად არასრულწლოვნების მიმართ იყენებენ.

“სვირინგის მოცილების პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც შემდგომ უკვე გააცნობიერებენ, რომ ეს სვირინგი მათ შემდგომ, სწორ გზაზე დადგომისა და ცხოვრების გაგრძელების ახალი შანსის გამოყენებაში ხელს შეუშლით. ეს არის იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება და კრიმინალურ წარსულთან დაკავშირება”, – ამბობს ცირა ჭანტურია.

“ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

სვირინგების მოცილების პროგრამის მიზნებში პრობლემას ვერ ხედავს ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.

“სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მისასალმებელია, თუ ქვეყანა ებრძვის კრიმინალურ მენტალიტეტს და ეს სუბკულტურა, შეიძლება ითქვას, რომ კვლავ არის საკმაოდ პრობლემური. თუ არის სურვილი მაჯავრდებულებში, რომ მათ მოიშორონ [ასეთი შინაარსის ტატუები] სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მათ. მეორე საკითხია, რამდენად არის ეს თანხები ადეკვატური, რამდენად მიზანმიმართულადაა გამოყენებული. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმ სუბკულტურის დამარცხებას, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მძლავრადაა”, – უთხრა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სვირინგის მოშორების პროგრამით 2013 წლიდან 123-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა, რომელთაგან 65 არის არასრულწლოვანი. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. პატიმრებისთვის სვირინგების მოშორებისთვის 48 ლარი გრანტის სახით მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ “აფხაზეთი”, რომელიც ამ საქმეს 2013 წლიდან აკეთებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, განსაკუთრებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სვირინგის გაკეთების კუსტარულ მეთოდებს მიმართავენ, რაც შემდგომ მათი მოცილების პროცედურას ართულებს და აძვირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.