ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერი აქცია იმართება

13 მაისი, 2019 •
სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერი აქცია იმართება

სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ ერევანში, სასამართლოს შენობასთან, სადაც ქოჩარიანისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პირველი ღია სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმე შეეხება სომხეთში 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებს, როდესაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაშალა. მაშინდელი პრეზიდენტის, ქოჩარიანის გარდა, სახელმწიფო წყობის დამხობის მუხლით ბრალდება ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორგიანს, ასევე, ოდკბ-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოგანიანს წაუყენეს. ამჯამად წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ რობერტ ქოჩარიანი იმყოფება.

დარბევის დღეს, პირველ მარტს, მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა დემონსტრაციების პასუხად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურები მას ედავებიან ამ მოვლენებისას მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევას და სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობას. ქოჩარიანი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2008 წლის პირველი მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად, 10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოძიებული.

ნიკოლ ფაშინიანი იმ დროს პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბის უფროსი იყო; ტერ-პეტროსიანი იმ არჩევნებში ძირითადი ოპოზიციური ფიგურა იყო. მისი მოწოდებით დაიწყო საპროტესტო აქციები, იგი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდა. არჩევნების შედეგებით პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გახდა.

 

ფოტო: news.am

მასალების გადაბეჭდვის წესი