“ის განცხადებები, რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო, უბრალოდ სასაცილოა. თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო უწყებაა და შესაბამისად, პროკურატურა არანაირად არ ახორციელებს თავდასხმას მასზე. თავდაცვის სამინისტრო გუშინაც არსებობდა, დღესაც და მომავალშიც იარსებებს, მიუხედავად იმისა, ამ უწყებაში ვინ იმუშავებს და ვინ არ იმუშავებს. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და კურსს, პროკურატურას არანაირი შეხება არ აქვს ქვეყნის საგარეო კურსთან და ასეთი განცხადებები არის უბრალოდ უვიცობა”. – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერით.
მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოძიება 2014 წლის ივნისში კომპანია დელტაკომის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც შესყიდვების ტენდერში მონაწილეობდა და მათი განცხადებით არათანაბარ პირობებში ჩააყენეს. მისივე თქმით, პროკურატურისთვის ცნობილი არ იყო, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების დროს მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფებოდა.
დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.
დღეს, 18 საათზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ალასანიამ მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს, რომ შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ, თუ საით მიჰყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა.





